26 აპრილი 2024,   04:48
ვრცლად
კორონავირუსის გამო დაკეტილი ეკლესიები - ქვეყანაში ინფიცირებულთა შორის მღვდელმსახურები და ექიმებიც არიან 

წყნეთში ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი მეორე დღეა მრევლისთვის დაკეტილია. ჩაკეტილ ეკლესიაში მღვდელი და 6 მორჩილი რჩება. ღვთისმსახურებას მრევლი კიდევ 14 დღე ვერ დაესწრება. ტაძარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები დილიდან ჩატარდა. ეკლესიაში კარანტინის გამოცხადების მიზეზი საპატრიარქოს კლინიკის თანამშრომელი გახდა, რომელიც ტაძარში ხარების დღესასწაულზე იმყოფებოდა და კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულის კონტაქტებს შორისაა მოძღვარიც და მრევლიც.

ახალგაზრდა ქალმა, რომელიც წყნეთში ტაძრის დაკეტვის მიზეზი გახდა, ინფიცირების შესახებ ინფორმაცია თავად გაასაჯაროვა. მან სტატუსი სოციალურ ქსელში დაწერა. ინფიცირებული ზედა წყნეთში ცხოვრობს. მეზობლების ინფორმაციით, ის საავადმყოფოში კორონავირუსის ნიშნებით გუშინ გადაიყვანეს.

სასულიერო პირი დაინფიცირდა ბოლნისშიც. COVID-19 ბოლნისის სიონის მოძღვარს დაუდასტურდა. წყნეთისგან განსხვავებით, მღვდელს მრევლთან კონტაქტი არ ჰქონია. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ტაძარში წირვა მორწმუნეების გარეშე ტარდება. მზარდი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო უკვე დაიკეტა ბოლნისი და სოფელი რაჭისუბანი. მუნიციპალიტეტში დღეს 19 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მთლიანად რეგიონში კორონავირუსის 70 ფაქტია, გარდაცვლილია ერთი ადამიანი.

სასულიერო პირს უკავშირდება კლინიკა "თიმის" კლასტერიც, რომელიც ამ დროის მონაცემებით - 2 ექიმს, 5 ექთანსა და 2 პაციენტს მოიცავს. სამედიცინო დაწესებულება დღეიდან პაციენტებს აღარ მიიღებს. კლინიკამ მუშაობა შეწყვიტა. ადამიანები, რომლებიც აქ მკურნალობდნენ, სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაანაწილეს. COVID-19 დღეს კლინიკის კიდევ ერთ თანამშრომელსა და 2 პაციენტს დაუდასტურდათ. პაციენტების ინფიცირების სავარაუდო წყარო მედპერსონალია.

"თბილისის მედიცინის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი "კურიერთან" საუბრისას საავადმყოფოში ინფექციის მოხვედრისა და გავრცელების ისტორიას იხსენებს.

კლინიკა "თიმის" ერთ-ერთი თანამშრომელი ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობს. აქ COVID-19-ის დიაგნოზით სულ 24 პაციენტი ჰყავთ. 39 ინფიცირებულს მკურნალობენ ინფექციურ საავადყოფოში, აქედან 6 ბავშვია, ექვსივე ქობულეთის კლასტერიდან. COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზით 80 პაციენტი ჰყავს საუნივერსიტეტო კლინიკას. 9 რეანიმაციაში განაგრძობს მკურნალობას. თბილისის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ 24 საათის განმავლობაში ათი ახალი პაციენტი მიიღო. კლინიკაში ამ დროისთვის 29 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

სასულიერო პირებთან ერთად იზრდება სამედიცინო პერსონალის ინფიცირების სტატისტიკაც. 8 ახალი შემთხვევიდან ბათუმში 5 მედიკოსია.

"მედალფაში" ამ დროის მონაცემებით COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზით 37 პაციენტი მკურნალობს. აჭარაში ინფიცირებულთა უმრავლესობა ქობულეთის კლასტერია. კონტაქტების რაოდენობა 400-ს გასცდა. შესწავლის პროცესი გრძელდება. კორონავირუსის ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა აქვს ქუთაისს. ახალგაზრდა ქალი ფარცხანაყანების კლასტერს მიეკუთვნება, იკვლევენ პაციენტის სამი წლის შვილსაც, რომელიც კლინიკაშია მოთავსებული. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 25 პაციენტი ჰყავთ.

ქვეყანას ამ დროისთვის COVID-19-ის 370 დადასტურებული შემთხვევა აქვს. აქედან 34 ბოლო 24 საათში გამოვლინდა. გამოჯანმრთელებულია 79.

ინფიცირების მზარდი შემთხვევების ფონზე სპეციალისტები განსაკუთრებით ხაზგასმით გვთხოვენ, მოითხოვენ და მოგვიწოდებენ, რომ დავრჩეთ სახლში და ამით გავუფრთხილდეთ საკუთარ და სხვების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

დღის ამბები