26 აპრილი 2024,   07:25
ვრცლად
ვირუსი და პროპაგანდა ბიოუსაფრთხოების ლაბორატორიის წინააღმდეგ - ლუგარის ცენტრზე რუსეთმა დეზინფორმაციული კამპანია გაამძაფრა

ლუგარის ლაბორატორია - კვლავ რუსეთის სამიზნეა. საქართველოს უმსხვილესი კვლევითი ცენტრი, ოკუპანტი ქვეყნის პროპაგანდის ქვეშ განსაკუთრებით COVID-19-ის პანდემიისას მოხვდა. მოსკოვში ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს ლუგარის ლაბორატორიაში ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო ცდები მიმდინარეობს. რუსული წყაროები სარწმუნო აღმოჩნდა ჩინური მედიისთვისაც.

საოკუპაციო რეჟიმის პროპაგანდის გაზიერებას ოფიციალური პეკინის განცხადებებსა და მედიაში გავრცელებულ დეზინფორმაციას, საქართველოში მალევე გამოეხმაურნენ. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დიპლომატს განმარტების გაკეთება საგარეო საქმეთა სამინისტროში მოუწია. აუდიენციაზე ჩინურმა მხარემ თქვა, რომ მათ მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

ლუგარის ლაბორატორიის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ცილისმწამებლური უწოდა საქართველოს პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილი დეზინფორმაციულ კამპანიას წერილობით გამოეხმაურა.

რაც უფრო წარმატებულია ლუგარის ლაბორატორიის მუშაობა, მით უფრო მძაფრდება მის წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანია. საქართველოს უმსხვილესი კვლევითი ცენტრი, ბოლო პერიოდში არაერთხელ გახდა რუსეთის სამიზნე. 

ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელების პირველი დღიდან, არაერთხელ არა ერთი ქართველი სპეციალისტისგან მოვისმინეთ, რომ სწორედ ლუგარის ლაბორატორიის საშუალებით შეძლო ქვეყანამ კორონავრიუსის პირველივე შემთხვევების დროული გამოვლენა და ეპიდაფეტექბის შეჩერება. თუმცა, ამ ფორმაზე ჯერ კიდევ 17 აპრილს რუსეთის დიპლომატიური უწყების სპიკერმა, მარია ზახაროვამ თქვა, რომ მოსკოვმა იცის ვაშინგტონის მიერ, საქართველოსათვის ლუგარის ლაბორატორიაში სამხედრო კვლევების გაფართოების შეთავაზების შესახებ. გუშინ, ამ ინფორმაციას სიცრუე და უპასუხისმგებლობა უწოდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში. კელი დეგნანმა რუსეთი საოკუპაციო ხაზთან გააკრიტიკა.

რუსეთის მიზანმიმართულ თავდასხმას ლუგარი ლაბორატორიაზე, მარტივი ახსნა აქვს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორისთვის.

ავტორიტარული ქვეყნების ბრძოლა დასავლური ღირებულებების წინააღმდეგ - ასეთია სპეციალისტების შეფასებები. უსაფრთხოების ექსპერტები დეზინფორმაციულ კამპანიას რუსული ჰიბრიდიული ომის ნაწილად განიხილავენ. ხელისუფლებას კი ურჩევენ, რომ სტრატეგიული კომუნიკაცია ქვეყნის შიგნით და გარეთ კიდევ უფრო გააძლიეროს.

ბიოუსაფრთხოების მე-2 და მე-3 დონის ლაბორატორიაში, ვირუსებთან ერთად, რუსულმა პროპაგანდამ ჯერ კიდევ მაშინ შეაღწია, სანამ ქართულ-ამერიკული პროექტი სრულყოფილ სახეს მიიღებდა. დღეს კი, ლუგარის კვლევითი ცენტრი ქვეყანაში კორონავირუსთან ბრძოლის ყველაზე მთავარ და მძლავრ იარაღად რჩება.

დღის ამბები