02 მაისი 2024,   01:46
ვრცლად
ბოიკოტის რეჟიმში დარჩენილი ოპოზიცია და ერთობლივი განცხადების ირგვლივ გაერთიანებული პარტიები - ოპოზიციამ საარჩევნო სისტემის ცვლილება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა

ძირითადი ოპოზიციური პარტიები დღეს ერთობლივი განცხადების ირგვლივ გაერთიანდნენ. 2-თვიანი პაუზის შემდეგ, "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ხელისუფლების წინააღმდეგ გაერთიანებულმა პარტიებმა დოკუმენტი შეიმუშავეს და ხელის მოწერით დაადასტურეს, რომ ისინი უარს ამბობენ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაზე, ვიდრე მმართველი პარტია მათ მთავარ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს და პოლიტიკურ ლიდერებს არ გაათავისუფლებს. ხელისუფლების იძულებას ოპოზიციის ნაწილი საპროტესტო აქციებით, ნაწილი კი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ მმართველ ძალაზე ზეწოლით გეგმავს.

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციისგან განსხვავებით, დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია თვლის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და საარჩევნო სისტემის შეცვლა ქვეყნისთვის აუცილებელია. ის ოპოზიციის ერთიანი განცხადების შინაარსს მთლიანად იზიარებს, თუმცა ამბობს, რომ ამის მიუხედავად, მზად არის საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭიროს.

არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც 8 მარტის შეთანხმებას ხელი მოაწერეს, დარწმუნებული არიან, რომ ხელისუფლებას მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება მაინც მოუწევს. კონკრეტულად, რა მექანიზმით აიძულებენ მმართველ გუნდს შეთანხმების 2-ვე პუნქტის შესრულებას, ამაზე დღეს არ საუბრობენ.

ოპონენტების ულტიმატუმს მმართველ პარტიაში, არჩევნებში დამარცხების შიშით ხსნიან. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპოზიციის მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერაზე უარის თქმა ნიშნავს იმას, რომ მათ პოლიტიკურ ცხოვრებაში დესტრუქციის შეტანა სურთ. რაც შეეხება 8 მარტის შეთანხმების შესრულებას, მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ისინი აღებული ვალდებულების ერთგული რჩებიან.

დადგება თუ არა, ჩავარდნის საფრთხის წინაშე 8 მარტის შეთანხმების პირველი პუნქტი, რომლის მიხედვითაც ქვეყანა ახალ საარჩევნო სისტემაზე უნდა გადავიდეს, ეს ჯერჯერობით უცნობია. საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად მხარეებს 1 თვე რჩებათ.

დღის ამბები