10 მაისი 2024,   05:08
ვრცლად
ქეთევან ციხელაშვილმა და კარლ ჰარცელმა ონლაინ-შეხვედრისას კორონავირუსის პანდემიისას ევროკავშირის მხარდაჭერაზე ისაუბრეს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა  საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან ონლაინ შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარი თემა კორონავირუსის პანდემიის ფონზე ევროკავშირის მხარდაჭერა და მის ფარგლებში დაგეგმილი სამომავლო ღონისძიებები იყო.

ვიდეო შეხვედრაზე საუბარი შეეხო კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებს და მოსახლეობისთვის გაწეულ დახმარებას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისე გამყოფი ხაზების სიახლოვეს. მხარეებმა განიხილეს გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში COVID-19-ის ფონზე მოსახლეობის დახმარების სამომავლო შესაძლებლობები.

ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე სოციალურ და ჰუმანიტარულ ვითარებაზე, ასევე რუსეთის უკანონო ქმედებებსა და პროპაგანდაზე, რომელიც მათ შორის მიმართულია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წინააღმდეგ.

სახელმწიფო მინისტრმა ელჩს მიაწოდა განახლებული ინფორმაცია სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში ამოქმედებული მშვიდობის ფონდის საქმიანობის თაობაზე.

შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ევროკავშირის როლს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ნდობის აღდგენის პროცესში. აღინიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის მიერ სხვადასხვა პროექტის განხორციელება, რომელთა მიზანიც არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ მიმდებარედ მცხოვრები ადამიანების დახმარება და ნდობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობა.

ქეთევან ციხელაშვილმა ელჩს მადლობა გადაუხადა COVID-19-ის პანდემიის პირობებში საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის. მხარეები შემდგომ მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

დღის ამბები