25 აპრილი 2024,   12:10
ვრცლად
სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის ერთადერთი კრიტერიუმი ივანიშვილისადმი მორჩილებაა - რომან გოცირიძე

ოპოზიციაში საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე ცვლილებების ბუნდოვანებაზე ამახვილებენ ყურადღებას. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ერთადერთი კრიტერიუმი, რითაც მოსამართლეები შეირჩევა, ეს პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისადმი მორჩილებაა. 

"საქართველოში რაც კი რაიმე ცვლილებები მომხდარა ყველა დონის სასამართლოში და, მათ შორის, იუსტიციის საბჭოში, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით დანიშვნები. ერთადერთი კრიტერიუმი უნდა იყოს გათვალისწინებული - პირადი მორჩილება ბიძინა ივანიშვილისადმი. უნდა შეჩერდეს ეს პროცესი და მოხდეს პარლამენტის, საზოგადოების, სპეციალისტების, არასამთავრობო სექტორის ჩართულობით ღირსეული კანდიდატის მოძებნა,"-განაცხადა რომან გოცირიძემ.

განსხვავებული პოზიცია აქვთ უმრავლესობაში. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნა უზენაესი სასამართლოს მიერ წლების განმავლობაში მოქმედი სტანდარტით ხდებოდა და ოპონენტების კრიტიკა ამასთან დაკავშირებით აქამდე არ მოუსმენიათ.

"ასე ხორციელდებოდა დანიშვნა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს. იმ დროს არავის დაუსვამს კითხვის ნიშნის ქვეშ ამ ჩანაწერის კანონიერება. ოპოზიციისთვის ერთადერთი დღის წესრიგია, რაც არ უნდა კარგი კეთდებოდეს, თეთრზე ამბობენ შავს. თუკი ეს საკითხი დაისმება და საიას აქვს წინადადება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, ამ წინადადებას ყურადღებით გავეცნობით,"-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში პლენუმის მეცხრე წევრს აირჩევენ, რომლის გვარიც, ამ დრომდე, უცნობია. დღეს მოხდება კანდიდატის დასახელებაც და მისი არჩევაც, რაც, არასამთავრობო სექტორის შეფასებით, პროცესის გამჭვირვალობას და სანდოობას ვერ უზრუნველყოფს.  

ვაკანსია საკონსტიტუციო სასამართლოში 15 ივნისიდან ჩნდება, მას შემდეგ, რაც მოქმედ თავმჯდომარეს, ზაზა თავაძეს უფლებამოსილების ვადა ეწურება. თავაძეს, კანონმდებლობის მიხედვით, მეორედ ვეღარ აირჩევენ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ცხრა მოსამართლისგან შედგება, სწორედ მათგან უნდა შეირჩეს ის ერთი, რომელიც სასამართლოს 5 წლის ვადით უხელმძღვანელებს. 

დღის ამბები