ვინ დაიკავებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს 15 ივნისიდან - დღეს უზენაესი სასამართლოს პლენუმი საკონსტიტუციო სასამართლოს მეცხრე წევრს აირჩევს, რომლის გვარიც, ამ დრომდე, უცნობია. დღეს მოხდება კანდიდატის დასახელებაც და მისი არჩევაც, რაც, არასამთავრობო სექტორის შეფასებით, პროცესის გამჭვირვალობას და სანდოობას ვერ უზრუნველყოფს.
"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას" თავმჯდომარის, გიორგი მშვენიერაძის თქმით, მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი არ იყოს დაკავშირებული რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან, უზენაეს სასამართლოს კი კანდიდატის პროფესიონალიზმთან დაკავშირებით დისკუსიის თავიდან არიდება სურს.
"საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი უნდა იყოს გამორჩეული პროფესიონალი, რომელსაც აქვს მაღალი საზოგადოებრივი ნდობა, განსაკუთრებით პროფესიულ წრეებში და, ამავდროულად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანი არ იყოს დაკავშირებული რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან. ის, რომ ერთ დღეში ხდება დასახელებაც და შემდგომ დანიშვნაც, მიანიშნებს იმაზე, რომ კანდიდატს საზოგადოება ვერ მიიღებს. უზენაეს სასამართლოს ეშინია და სურს თავიდან აიცილოს დისკუსია კანდიდატის პიროვნების პროფესიონალიზმისა და სანდოობის კუთხით,"- განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორის, ვახუშტი მენაბდის განცხადებით, ორგანიზაცია მოუწოდებს უზენაეს სასამართლოს, რომ მხოლოდ დაასახელოს კანდიდატი და არ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება.
"მოვუწოდებთ უზენაეს სასამართლოს, რომ მხოლოდ დაასახელოს კანდიდატი და არ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. მივმართეთ საქართველოს პარლამენტს, ჩვენ გვინდა, რომ კანონში შევიდეს ცვლილება და სავალდებულო გახდეს კანდიდატის წინასწარ დასახელება იმისთვის, რომ ყველას შეეძლოს ღია და საჯარო მსჯელობა,"- განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს დასავლელი პარტნიორები აკვირდებიან და მოვლენები, რომელიც ვითარდება, აუცილებლად უნდა იყოს გამჭვირვალე.
"დასავლელი პარტნიორების მხრიდან ძალიან ბევრი კომენტარი და კრიტიკა იყო სასამართლო სისტემასთან მიმართებაში, შესაბამისად, ის პროცესები, რაც დღეს ვითარდება სასამართლო სისტემაში და განვითარდება მომავალში, აუცილებლად უნდა იყოს გამჭვირვალე. ის, რომ ერთ დღეში იქნას შერჩეული კანდიდატი და, ზოგადად, რა იყო ამ კანდიდატის უკან, რომ არ ვიცით, ეს არის პრობლემა,"- განაცხადა ეკა გიგაურმა.
სამოქალაქო მოძრაობა "ხალხისთვის" დამფუძნებელი ანა დოლიძე კი მიიჩნევს, რომ უნდა შეიქმნას მრგვალი მაგიდა, რომელიც სასამართლო სისტემაში გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.
"ჩვენი ქვეყანა ხვდება უმწვავესი კრიტიკის ქვეშ სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, ჩვენი სასამართლოები აგრძელებენ საქმიანობას გაუმჭვირვალედ, დახურულად და ძალიან დაბალი სტანდარტით. უნდა შეიქმნას მრგვალი მაგიდა, რომელიც გაარღვევს სასამართლო სფეროში ჩიხს და მანამდე სასმართლოს სისტემაში დანიშვნები უნდა შეჩერდეს,"-განაცხადა ანა დოლიძემ.
შეგახსენებთ, რეალურად, ვაკანსია საკონსტიტუციო სასამართლოში 15 ივნისიდან ჩნდება, მას შემდეგ, რაც მოქმედ თავმჯდომარეს, ზაზა თავაძეს უფლებამოსილების ვადა ეწურება. თავაძეს, კანონმდებლობის მიხედვით, მეორედ ვეღარ აირჩევენ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ცხრა მოსამართლისგან შედგება, სწორედ მათგან უნდა შეირჩეს ის ერთი, რომელიც სასამართლოს 5 წლის ვადით უხელმძღვანელებს.