19 აპრილი 2024,   12:57
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურაზე ვასილ როინიშვილი წარადგინეს

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურაზე წარადგინეს ვასილ როინიშვილი, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, რომელსაც უფლებამოსილების ვადა რამდენიმე თვის წინა ამოეწურა.

თავად როინიშვილი აცხადებს, რომ მან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისგან ამ პოსტზე შემოთავაზება რამდენიმე დღის წინ მიიღო. საზოგადოების ნდობასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვას როინიშვილმა უპასუხა ფრაზით: "საქმემან ჩვენმან წარმოგვაჩინონ ჩვენ."

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტთან დაკავშირებით ვასილ როინიშვილი აცხადებს, რომ ამგვარი შემოთავაზება არ ყოფილა. 

ვასილ როინიშვილი არ უარყოფს, რომ უზენაესი სასამართლოს პლენუმის წევრებს იცნობს და მათ უმრავლესობასთან მეგობრული ურთიერთობაც აქვს. თუმცა, "კლანის" წევრობასთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხობს, რომ მისთვის გაუგებარია რას გულისხმობენ სიტყვა "კლანში".

"ხანდახან მგონია, ხალხმა სიტყვა "კლანის" მნიშვნელობა არ იცის,"-მიმართა როინიშვილმა ჟურნალისტებს ამ თემაზე საუბრის დროს. 

ვასილ როინიშვილი პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად იყო წარდგენილი. პროცედურის თანახმად, თუკი მას აირჩევს პლენუმი, მან უნდა დაწეროს განცხადება და მოხსნას საკუთარი კანდიდატურა უზენაესის სასამართლოს მოსამართლეობის შესახებ.

უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს მეცხრე წევრი უნდა აირჩიონ, რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. კანდიდატის ვინაობა ამ დრომდე გასაიდუმლოებული იყო, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, პროცესის გამჭვირვალობისთვის მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა.

სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარე ზაზა თავაძეს 10 წლიანი უფლებამოსილების ვადა 15 ივნისს ეწურება. მას შემდეგ, რაც ზაზა თავაძის შემცვლელის ვინაობა ცნობილი გახდება, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები თავადვე აირჩევენ ხელმძღვანელს 5 წლის ვადით. 

ამავე თემაზე
დღის ამბები