26 აპრილი 2024,   05:12
ვრცლად
აშშ-ში პროტესტის მწვავე ტალღა გრძელდება - ეპიცენტრი ამჯერად თეთრი სახლი აღმოჩნდა

"მე ყველა გუბერნატორს მტკიცედ მოვუწოდე ეროვნული გვარდიის სათანადო რაოდენობა გაგზავნოს ქუჩებში კონტროლის მოსაპოვებლად. მერებმა და გუბერნატორებმა უნდა წარმოადგინონ სამართალდამცავები დიდი რაოდენობით, ვიდრე ძალადობა არ ჩაცხრება. თუ ქალაქი ან შტატი უარს იტყვის მიიღოს ზომები, რომლებიც საჭიროა საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლისა და საკუთრების დასაცავად, მაშინ მე ამერიკის შეერთებული შტატების ჯარს გავგზავნი და ამ პრობლემას გადავჭრი."- დონალდ ტრამპის ამ განცხადებიდან მალევე, თეთრ სახლთან გამართული პროტესტი სამართალდამცველებთან შეტაკებაში გადაიზარდა. პოლიციამ პროტესტის ჩასახშობად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

პროტესტის პარალელურად, ტრამპი თეთრი სახლის ვარდების ბაღში თითქმის 8 წუთის განმავლობაში მიმართავდა ამერიკელ ერს. სიტყვით გამოსვლისას მან თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჯორჯ ფლოიდის სიკვდილმა უკვალოდ არ ჩაიაროს. ტრამპმა საკუთარ თავს კანონის და წესრიგის პრეზიდენტი უწოდა და ამერიკელებს დაპირდა, რომ ქვეყანაში წესრიგს დაუყონებლივ აღადგენს.

თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლის შემდეგ, დონალდ ტრამპი ბიბლიით ხელში ქუჩაში გავიდა. დაცვისა და ჟურნალისტების თანხლებით ფეხით იმ ეკლესიისკენ გაემართა, რომელიც წინა ღამეს არეულობისას დემონსტრანტებმა დააზიანეს.

შტატების ათობით ქალაქში უკვე ერთი კვირაა არეულობა გრძელდება. დემონსტრანტები პოლიციის მხრიდან ძალადობასა და რასიზმს აპროტესტებენ. მომიტინგეებმა დააზიანეს ინფრასტრუქტურა და სხვადასხვა ობიექტს ცეცხლი წაუკიდეს.

ამერიკის უმეტეს ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. დაწესებულია კომენდანტის საათი. აქციების დაწყებიდან დღემდე სამართალდამცველებმა 6 ათასამდე მომიტინგე დააკავეს. დაშავებულია ათობით პოლიციელი.

დღის ამბები