26 აპრილი 2024,   15:12
ვრცლად
გაზგასამართი სადგურის დირექტორის თქმით, აფეთქების ადგილას უსაფრთხოების ზომები დაცული იყო

ამაშუკელის ქუჩაზე სადაც გუშინ ძლიერი აფეთქება მოხდა, გაზგასამართი სადგურის თანამშრომლები იმყოფებიან. გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ სადგურის დირექტორიც მივიდა, რომელმაც მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა.

როგორც ის ირწმუნება, ადგილზე დაცული იყო უსაფრთხოების ზომები, ხოლო თუ, რა გახდა აფეთქების მიზეზი ამას გამოძიება დაადგენს.

რაც შეეხება კრიტიკას, რომელიც სადგურის ადგილმდებარეობას უკავშირდება, დირექტორის თქმით, თავად სადგური 2008 წელს აშენდა, მის გარშემო მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობების ნებართვები კი 2012 წლის შემდგომ გაიცა.

"დაუდევრობა 2008 წლიდან 2020 წელში მოვიდა დაუდევრობა, 12 წლის მერე? მანამდე არ უნდა ყოფილიყო დაუდევრობა? რა თქმა უნდა, ყველაფერი დაცული იყო, ვინ გამომიშვებდა დაცული რომ არ ყოფილიყო.

ისეთ კითხვებს სვამენ ზოგიერთები იმასთან დაკავშირებით ვინ იყო და ვინ არ უნდა ყოფილიყო აქ, ჩვენ ვიყავით ჯერ. აქ ეს კალონკა რომ აშენდა, იქიდან გზა არ იყო, არა თუ შენობები," - აცხადებს "ეკოგაზის" დირექტორი დავით ქუთათელაძე.

ტერიტორია ამ დრომდე ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. გაზგასამართი სადგურის თანამშრომლები მომხდართან დაკავშირებით გაოცებას ვერ მალავენ.

"ასაკობრივი კაცი არის, საკმაოდ პროფესიონალია, მუშაკია, სპეციალისტია, ყველაფერს ეგ აკეთებდა. მე მიკვირს რა მოხდა, თვითონაც უკვირს. არავინ არ იყო, რომ წავედი მერე გავიგე ხმა და გამოვიქეცი, ვნახე ასეთი ამბავი რომ მოხდა," - აცხადებს ერთ-ერთი თანამშრომელი.

შეგახსენებთ, აფეთქება გუშინ ღამის საათებში მოხდა, რა დროსაც გაზგასამართი სადგური აფეთქდა. აფეთქების გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია. ძლიერმა აფეთქებამ ირგვლივ მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მინები ჩაამსხვრია. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაშავდა ერთი მამაკაცი.

დღის ამბები