06 მაისი 2024,   12:31
ვრცლად
თამარ ჩუგოშვილი, პარტია "ლელო" და თამარ ხულორდავა - ვისთან თანამშრომლობას განიხილავენ ახალი პოლიტიკურ პლატფორმის ლიდერები

ახალი პოლიტიკური პლატფორმის შემქმნელები მისი შემადგენლობის გაზრდას აანონსებენ. 

"სამოქალაქო მოძრაობის” თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ პლატფორმას მხოლოდ მსგავსი ღირებულებების პოლიტიკოსები, თუ პარტიები შეუერთდებიან. 

"ეს არის პლატფორმა და ჩვენ თავს არ დავზოგავთ, რომ ეს პლატფორმა გაფართოვდეს და მას შემოუერთდნენ იმ ღირებულებების ადამიანები, რომლებიც აქ დღეს მდგომებს გვაერთიანებს, რაც მემორანდუმშია ჩამოწერილი. ქვეყანა წინასაარჩევნო რეჟიმშია და ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ეს სერიოზულ პოლიტიკურ განაცხადადაც ჩამოყალიბდეს,"- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძემ ის პოლიტიკოსებიც ჩამოთვალა, რომლებთანაც, მისი თქმით, კონსულტაციები იმართება. 

"პოლიტიკური კონსულტაციები მიმდინარეობს. შესაბამისად, რა ფორმას შეიძენს და როგორ პოლიტიკურ კონფიგურაციაში ჩაჯდება ეს ყველაფერი, მომავლის საქმეა. გვაქვს კონსულტაციები თამარ ჩუგოშვილთან, პარტია "ლელოსთან," ეს არის ის ძირითადი წრე. ასევე, თამარ ხულორდავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, გიორგი მოსიძე,"- განაცხადა ლევან კობერიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ, სამოქალაქო მოძრაობის ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა და პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ მემორანდუმს ხელი დღეს მოაწერეს და ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს. 

დღის ამბები