06 მაისი 2024,   11:16
ვრცლად
ასოცირების შეთანხმება ჩვენი ქვეყნისთვის ის საძირკველია, რომელზეც საქართველოს ევროპული მომავალი შენდება - პრემიერი

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, 6 წლის წინ, 2014 წლის 27 ივნისს, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობის სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო.

გიორგი გახარიას თქმით, დღემდე საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროკავშირთან ინტეგრაციის არაერთი მიმართულებით, რასაც მოჰყვა კიდეც კონკრეტული ხელშესახები შედეგები.

"6 წლის წინ, 2014 წლის 27 ივნისს, დაიწყო საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობის სრულიად ახალი ეტაპი. ასოცირების შეთანხმება ჩვენი ქვეყნისთვის არის სწორედ ის საძირკველი, რომელზეც შენდება საქართველოს ევროპული მომავალი.

დღემდე საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროკავშირთან ინტეგრაციის არაერთი მიმართულებით, რასაც მოჰყვა კიდეც კონკრეტული ხელშესახები შედეგები ჩვენი ქვეყნისათვის - თითოეული ჩვენი მოქალაქისათვის. ჩვენ ეტაპობრივად სულ უფრო წინ მივიწევთ ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციისაკენ, რაც ქვეყანას უფრო მტკიცედ აკავშირებს ევროპულ სტრუქტურებთან და შეუქცევადს ხდის ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესს.

ჩვენ წინ გვაქვს უფრო მეტი რეფორმებით დატვირთული გზა ევროპისკენ, რომელიც თითოეული ჩვენგანისაგან მოითხოვს ყოველდღიურ ძალისხმევას, თავდადებასა და ურთიერთთანადგომას.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ყოველდღიურად შრომობს ამ პროცესის სწრაფად და წარმატებით დასრულებისთვის," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები