06 მაისი 2024,   13:29
ვრცლად
არსებობს ისეთი ქვევერსიები, რომელზედაც ღიად არ ვსაუბრობთ, ველოდებით გარკვეულ მონაცემებს - გიორგი შაქარაშვილის ბიძა

"დღის კურიერის" ეთერში გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატმა და ასევე მისმა ბიძამ მირიან ნიკოლაძემ საქმესთან დაკავშირებულ დეტალებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, არსებობს ვერსიები, რომლებზედაც ოჯახი ჯერჯერობით ღიად ვერ საუბრობს, რადგან ოჯახი გარკვეულ მონაცემებს ელოდება, რათა მტკიცებულებები მყარი იყოს.

მირიან ნიკოლაძის განცხადებით, გარდა იმისა, რაც საზოგადოებისთვის ცნობილია, საუბარია 17 დაკავებულ პირზე, უამრავი საგამოძიებო მოქმედება და ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

"რაც შეეხება გამოძიების და ჩვენს ურთიერთობას, გარდა იმისა, რაც ერთი შეხედვით ჩანს საზოგადოებისთვის, რომ სახეზეა ვთქვათ 17 დაკავებული პირი, ამის გარდა უამრავი საგამოძიებო მოქმედება ხორციელდება, უამრავი ოპერატიული-სამძებრო ღონისძიება მიმდინარეობს. ამავდროულად, ჩვენც მოვიპოვებთ მასალებს და ვცვლით გამოძიებასთან, ასე რომ ერთი წამით არ შეფერხებულა რეჟიმი, მივიწევთ წინ რაც შეგვიძლია და იმედი მაქვს, მივუახლოვდებით იმ ამოცანის ამოხსნას, რომელიც ყველას ასე ძალიან გვაწვალებს არა მხოლოდ ოჯახს, არამედ ფართო საზოგადოებას, რომელსაც მე ძალიან დიდ მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის.

ბუნებრივია ვეთანხმებით ამ გადაწყვეტილებას, ზოგადი საზოგადოებრივი დამოკიდებულებიდან გამომდინარე არა მარტო იმიტომ, რომ ვთქვათ ჩვენ გამწარებულები ვართ და სულერთია ჩვენთვის ვინ დაისჯება, არამედ იმის გამო, რომ ასეთი ფაქტი არ უნდა ხდებოდეს და უნდა შეიქმნას პრეცედენტი, რომ დაუსჯელი არავინ რჩება.

რაც შეეხება იმას, კონკრეტული პირები რა მოქმედებაში იმხილებიან, რამდენად არის ამათი დანაშაული დადასტურებული, მაპატიეთ, მაგრამ ამის განხილვაში მე არ შევალ, ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის და შემდგომში გაირკვევა სასამართლო პროცედურებით.

არსებობს ისეთი ქვევერსიები, რომელზედაც ღიად არ ვსაუბრობთ, ველოდებით გარკვეულ მონაცემებს. მტკიცებულებითი მომენტი გვინდა რომ ძალიან მყარი იყოს და შეჯერდეს.

ახლა მთელი აქცენტები გადართულია სწორედ აქეთკენ, რომ გაირკვეს გიორგის მდინარეში მოხვედრის უშუალო მიზეზები," - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

რა მოხდა 18 ივნისის ღამეს - ამ შეკითხვაზე ერთ-ერთი პასუხი ორი კვირის შემდეგ გახდება ცნობილი, მაშინ, როდესაც გიორგი შაქარაშვილის ექსპერტიზის დასკვნა გასაჯაროვდება.

დღის ამბები