20 მაისი 2024,   13:43
ვრცლად
33 წლის ზაზა გახელაძე, რომელიც ოკუპანტებმა გაიტაცეს, ახლა სავარაუდოდ, ახალგორის იზოლატორშია

სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიიდან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა დღეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს. 33 წლის ზაზა გახელაძე ე.წ. გამყოფ ხაზთან ახლოს სოკოს მოსაგროვებლად იმყოფებოდა, რა დროსაც ოკუპანტებმა ცეცხლსასროლი იარაღით ის ჯერ ფეხში დაჭრეს, შემდეგ კი თავისუფლება უკანონოდ შეუზღუდეს. გატაცებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე უცნობია მისი ოჯახის წევრებისთვის. გახელაძის მშობლები "კურიერთან" ჰყვებიან, რომ ინფორმაცია გატაცების შესახებ თანასოფლელი ბიჭისგან შეიტყვეს.

ამ დრომდე კასპის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება გატაცებულთან ერთად საოკუპაციო ხაზთან მყოფი კიდევ ერთი მამაკაცი. კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალის მაცხოვრებლების თქმით, რუსული საოკუპაციო ძალების მხრიდან ე.წ. გამყოფი ხაზის გასწვრივ მსგავსი უკანონო ქმედებები ხშირია. გატაცებულის თანასოფლელები, დაუცველობის განცდაზე საუბრობენ.

საოკუპაციო ძალების ქმედებებს გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. სუს-ის განმარტებით, მსგავსი დესტრუქციული ქმედება ადგილზე უსაფრთხოების გარემოს ფუნდამენტურად აზიანებს.

ოკუპანტების ქმედებებთან დაკავშირებით ყველა საერთაშორისო პარტნიორი უკვე ინფორმირებულია - ეს განცხადება "კურიერთან" საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა. ლაშა დარსალიას თქმით, უწყებამ საქმის კურსში ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარეები უკვე ჩააყენა.

გატაცებული ზაზა გახელაძე ამ დროისთვის, სავარაუდოდ, ახალგორის იზოლატორში იმყოფება. ოკუპანტების უკანონო ქმედებასთან დაკავშირებით უკვე ამოქმედდა ცხელი ხაზი.

დღის ამბები