10 მაისი 2024,   03:52
ვრცლად
"აქტიურად ვიქნებით ჩართული უსაფრთხოების თემებზე შიდა ევროპულ დისკუსიებში" - ბელგიაში ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების დეპუტატები იკრიბებიან

ბელგიის ქალაქ ბრიუგეში 2 დღის განმავლობაში ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების დეპუტატები საერთო საგარეო თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებს განიხილავენ. საქართველო ამ დონის კონფერენციაში პირველად მონაწილეობს როგორც კანდიდატი ქვეყანა.

როგორი საგარეო პოლიტიკა უნდა ჰქონდეს ევროკავშირს გაფართოების პირობებში, უსაფრთხოების გამოწვევები, რეგიონში არსებული ვითარება, უკრაინა, ახლო აღმოსავლეთი, - ეს მსჯელობის მთავარი თემებია.

ბრიუგეში საქართველოს სახელით მაკა ბოჭორიშვილი და ირაკლი ბერაია იმყოფებიან. დეპუტატებს პლენარულ სესიებზე სიტყვით გამოსვლები ექნებათ.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა გაეხსნას.

"პირველად ვმონაწილეობთ როგორც კანდიდატი ქვეყანა ამ ღონისძიებაში და, რა თქმა უნდა, ჩვენთვის დღეს მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე იყოს მსჯელობა, თუ როგორ უნდა იყოს ეს პოლიტიკა უფრო ეფექტიანი და რა სარგებელი უნდა მიიღონ კანდიდატმა ქვეყნებმა ამ პროცესში. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა გაეხსნას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები. მთავარი გზავნილი არის ის, რომ ჩვენ გვჭირდება ის მექანიზმები, რაც არსებობს დღეს ევროკავშირში, რომ გაიხსნას საქართველოსთვის, ისევე როგორც სხვა კანდიდატი ქვეყნებისათვის იმისათვის, რომ საქართველო უფრო სწრაფად მოემზადოს წევრობისთვის", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, საუბრის მთავარი თემა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი იქნება.

"ჩვენ მომდევნო ორი დღის განმავლობაში საკმაოდ აქტიურად ვიქნებით  ჩართული უსაფრთხოების თემებზე შიდა ევროპულ დისკუსიებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის. ჩვენი მთავარი სასაუბრო, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, იქნება, პირველ ყოვლისა, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაციის, ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების, იმპლემენტაციის საკითხები, ისევე როგორც საქართველოს როლი ერთიანი ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და განმტკიცებაში. მკაფიო გზავნილები იქნება თუ რა უნდა გაკეთდეს ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის და განმტკიცებისთვის, რა როლს შეასრულებს საქართველო ამაში და რა როლი უნდა შეასრულოს ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის და მედეგობის შემდეგი გამტკიცებისთვის", - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

დღის ამბები