10 მაისი 2024,   05:07
ვრცლად
"უნდა ვიყოთ მზად, რომ მოგვიწევს კოალიციური ხელისუფლებები" - როგორ აპირებს ოპოზიცია კოლეგებთან პოლიტიკურ თანამშრომლობას

ოპოზიციის გეგმები ისევ პოლიტიკური დისკუსიის თემაა - ოპოზიცია, რომელიც მუდმივად კოალიციურ მთავრობაზე აკეთებს აქცენტს, ამ დრომდე არ საუბრობს ვისთან, რა გზით და როგორ აპირებს პოლიტიკურ თანამშრომლობას.

"ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა "კურიერთან" საუბრისას მხოლოდ ის განაცხადა, რომ კოალიციურ მთავრობაზე მზაობა უნდა იყოს და ახლა მისი პარტია არჩევნებში მაქსიმალურ წარმატებაზეა ორიენტირებული.

"გვინდა ევროპული სტანდარტის თავისუფლება, კეთილდღეობა, უსაფრთხოება? მაშინ უნდა ვიყოთ მზად, რომ მოგვიწევს კოალიციური ხელისუფლებები.

ჩვენ ვაპირებთ არჩევნებში მივიღოთ ისეთი შედეგი, რომელიც ჩვენ კონტროლში ამყოფებს თუ ვინ იქნება კოალიციაში და ვინ არა. ამიტომ გვინდა, რომ "ლელო" იყოს ძლიერი და ამისთვის ვმუშაობთ ახლა. მე არ ვიცი არჩევნებზე ვინ რა შედეგს მიიღებს და ახლა იმაზე ლაპარაკი, თუ ვინ იქნება უფრო ძლიერი, ეს არის არასწორი. "ლელო" ამ წუთში საკუთარ წარმატებაზე ფიქრობს," - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა "კურიერთან" საუბრისას.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით კი, გაერთიანების მიზანი არის საზოგადოების დაკვეთა, იმისთვის, რომ დაქუცმაცებული პარტიების პირობებში ოპოზიციური ხმები არ დაიკარგოს. მანჯგალაძის თქმითვე, ისინი არჩევნებზე მინიმუმ 40%-ზე მეტის აღებას გეგმავენ.

რაც შეეხება "გირჩს," იაგო ხვიჩია კოლეგებს მოუწოდებს, ვინც აპირებს "ნაციონალურ მოძრაობასთან" გაერთიანებას, ეს არჩევნებამდე გააკეთონ.

"ყველა ოპოზიციური ძალა კოალიციის შექმნას შესაძლებლად მიიჩნევს მხოლოდ "ნაცებთან" და სწორედ აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ ჩვენ მათ რომ არჩევნებამდე გაერთიანდნენ "ნაცებთან", იმიტომ, რომ რა მნიშვნელობა აქვს, თუ არჩევნების შემდეგ გაერთიანებას მხოლოდ "ნაცებთან" აპირებ, სხვა თანამშრომლობას არც კი უშვებ, რატომ რისკავ ამომრჩევლის ხმას?! - არ ჯობია მიშას წინასწარ მოელაპარაკო სიებში ხალხის ოდენობაზე და ასე გაურისკავად განვლო ეს საარჩევნო პროცესი," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ "კურიერთან" საუბრისას.

დღის ამბები