13 მაისი 2024,   00:18
ვრცლად
სამოქალაქო სექტორის გაშავებას ცდილობენ - თეონა აქუბარდია

NED-ის თავმჯდომარის განცხადება პოლიტიკური დისკუსიის თემაა. დემოკრატიის ეროვნული ფონდის თავმჯდომარემ, კენ ვოლაკმა თქვა, რომ თუ სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები პარტიის წევრები არიან ან პოლიტიკური ძალაუფლებისთვის იბრძვიან, ისინი უკვე აღარ წარმოადგენენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უარყოფენ, რომ დაფინანსებას რომელიმე კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციიდან იღებენ.

"რას იგონებს "ქართული ოცნება" პოლიტიკური პროპაგანდისთვის, ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ. დანარჩენი, რაც შეეხება უკანონო დაფინანსებას პარტიებისთვის, ამას ამოწმებდა აუდიტის სამსახური, ამას ამჟამად ამოწმებს ანტიკორუფციული სამსახური. მსგავსი ფაქტები მათ არ გამოუვლენიათ," - აცხადებს პარლამენტის წევრი თამარ კორძაია.

"ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი კი ამ თემის გააქტიურებას რუსულ დეზინფორმაციასა და პროპაგანდას უკავშირებს.

"საქართველოში არსებობს ძალიან მძიმე პრობლემა რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის სახით. ხელისუფლებამ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რომ რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდისგან ქვეყანა იყოს დაცული. ამის მაგივრად, საქართველოს ხელისუფლება თავად არის რუსული დეზინფორმაციის წყარო,"-აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

"რეფორმების ჯგუფის" წევრი თეონა აქუბარდიას შეფასებით, ხელისუფლება, პროპაგანდისტული მიზნებით, სამოქალაქო სექტორისა და დასავლური დონორი ორგანიზაციების "გაშავებას" ცდილობს.

"თუ კანონის აღსრულებასთან აქვს ვინმეს რამე კითხვა, მიმართოს შესაბამის სამსახურებს, მათ შორის, ანტიკორუფციულ ბიუროს და გამოითხოვონ პასუხები. თუ ვინმე არღვევს კანონს, კანონით უნდა მოხდეს ამაზე პასუხისმგებლობა. როდესაც კანონზე პრობლემა არ არსებობს და, როგორც ჩანს, არ არსებობს და პროპაგანდისტული მიზნებით ხდება მცდელობა, სამოქალაქო სექტორისა და დასავლური დონორების გაშავების, გაგრძელებაა რუსული კანონის იმ სულისკვეთების, რომელიც შარშან "ქართულმა ოცნებამ" ვერ მიიღო ხალხის პროტესტიდან გამომდინარე,"- აცხადებს თეონა აქუბარდია.

დღის ამბები