13 მაისი 2024,   22:00
ვრცლად
პრეზიდენტის მეხუთე ვეტო პარლამენტმა მეხუთედ დაძლია - უმრავლესობა კანონპროექტს ხელმოსაწერად ზურაბიშვილს უბრუნებს

პრეზიდენტის ვეტო პარლამენტმა არც ამჯერად გაიზიარა. სალომე ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნები საპარლამენტო უმრავლესობისთვის უარგუმენტო და უსაფუძვლოა. ვიდრე პარლამენტში ვეტოს დაძლევის პროცედურა დაიწყებოდა, პრეზიდენტის პოზიცია დეპუტატებს მისმა საპარლამენტო მდივანმა გააცნო. დაისვა კონკრეტული კითხვებიც.

"ქართულ ოცნებაში" კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ პრეზიდენტი, საკუთარი ვეტოთი, ცესკოს თავმჯდომარის არჩევას ეწინააღმდეგება, ეს კი, მათივე თქმით, პროცესებს ჩიხში აქცევს. გამოსავალი ოპონენტებს საპარლამენტო უმრავლესობამ მათ მიერ შემუშავებულ ვერსიაში შესთავაზა. სიახლით, ცესკოს ე.წ. პროფესიული წევრებისა და თავმჯდომარის არჩევა, პირველ ეტაპზე, 90 ხმით იქნება შესაძლებელი. თუკი ხმების საკმარის რაოდენობა ვერ მობილიზდება, პარლამენტი მეორე კენჭისყრაზე გადაწყვეტილებას 76 ხმით მიიღებს. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტის პოზიცია არც კონსტიტუციის და არც სამართლის ნორმებს არ ითვალისწინებს.

ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ცესკოს ერთპარტიულად დაკომპლექტება მის ლეგიტიმურობას ვერ უზრუნველყოფს. პარლამენტის თავმჯდომარემ კი თქვა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია, რომელშიც 8 პარტიის წარმომადგენელია, ერთპარტიული ვერ იქნება.

ციფრები პარლამენტში დღეს ეკონომისტმა დეპუტატებმა სულ სხვა ჭრილში გამოიყენეს. სალომე ზურაბიშვილის მეხუთე ვეტომ მეათე მოწვევის პარლამენტისთვის სიმბოლური დატვირთვა მიიღო. დისკუსია სხდომათა დარბაზში დღეს სწორედ ხუთიანზე გაგრძელდა, საკითხი რომან გოცირიძემ წამოჭრა.

ხელისუფლების ოპონენტებისთვის საარჩევნო კოდექსში მთავარ პრობლემას ოპოზიციის კვოტით ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტის გაუქმება წარმოადგენს. ახლა ამ პოზიციას "ლელოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი სიორიძე იკავებს. "ქართული ოცნება" ოპოზიციისა და პრეზიდენტის წინააღმდეგობას პოლიტიკურ დაინტერესებას უკავშირებს. ხაზარაძე-ჯაფარიძის პოლიტიკური მიზნებზე დღეს სხდომათა დარბაზში უმრავლესობის ლიდერმა ტრიბუნიდან ისაუბრა.

ვეტო დაძლეულია. სალომე ზურაბიშვილს "ოცნების" მიერ შემუშავებული კანონპროექტის პირველადი ვერსია, ხელმოსაწერად, ხელახლა გაეგზავნება და თუ დადგენილ ვადაში კვლავ არ მოაწერს ხელს, პროექტს კანონად პარლამენტის თავმჯდომარე აქცევს.

დღის ამბები