16 ნოემბერი 2024,   07:56
ვრცლად
პარლამენტმა "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნები არ გაითვალისწინა და პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

პლენარულ სხდომაზე მოტივირებულ შენიშვნებზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ხელმოსაწერად წარდგენილი ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა უქმდება, რომელზეც პირი ცესკოს პარტიული წევრებისგან ოპოზიციის კვოტით აირჩევა. ასევე მოტივირებული შენიშვნებით, ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევისთვის უნდა განისაზღვროს 3/5-იანი უმრავლესობა, როგორც ეს განისაზღვრა სახალხო დამცველის არჩევის შემთხვევაში. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატმა ვერ მიიღო სამი მეხუთედის უმრავლესობის ხმები, ½-ის უმრავლესობით კანდიდატი არჩეული უნდა იყოს ექვსი თვის ვადით. ასევე, კონკურსი ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების შესარჩევად უნდა გამოაცხადოს და საკონკურსო კომისია შექმნას საქართველოს პრეზიდენტმა, შემდეგ კი შერჩეული კანდიდატურები წარუდგინოს პარლამენტს.

მომხსენებელმა პარლამენტს პრეზიდენტის შეთავაზება გააცნო, რომლის მიხედვითაც, ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევისთვის 3/5 უმრავლესობა განისაზღვრება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი აღნიშნულ ხმებს ვერ მიიღებს, ½-ის უმრავლესობით კანდიდატი 6 თვის ვადით აირჩევა.

პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით მოსაზრებები პოლიტიკური ჯგუფებისა და ფრაქციების წარმომადგენლებმა გამოთქვეს და ცვლილებების მიმართ სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასებები გააკეთეს.

განხილვის დასრულების შემდეგ, პარლამენტმა კენჭი უყარა კანონპროექტის თავდაპირველ რედაქციას და 78 მომხრე, 13 წინააღმდეგით მხარი დაუჭირა მის პირვანდელ ვერსიას.

პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი პროექტით, ძალაში რჩება საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებები, რომლის მიხედვით, კანდიდატების შესარჩევ კონკურსს, პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს, პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს.

პარლამენტის თავმჯდომარეს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების კანდიდატების შესარჩევად კონკურსის გამოცხადებისთვის ვადა 2024 წლის 1-ელ მაისამდე აქვს.

საკანონმდებლო ორგანომ "საქართველოს საარჩევნო კოდექსში" ცვლილებები 20 თებერვალს მიიღო. სალომე ზურაბიშვილმა კი, ცვლილებებს 5 მარტს დაადო ვეტო.

დღის ამბები