17 ივნისი 2024,   20:48
ვრცლად
ღაზაში დახმარების შეტანაზე ისრაელის მხრიდან მუდმივი შეზღუდვების მასშტაბი შეიძლება უტოლდებოდეს შიმშილის ომის მეთოდად გამოყენებას, რაც ომის დანაშაულია - ვოლკერ ტურკი

ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარი აცხადებს, რომ ისრაელის მიერ ღაზის სექტორისთვის დახმარების მიწოდების შეზღუდვა შეიძლება შეფასდეს, როგორც ომის დანაშაული.

"ღაზაში დახმარების შეტანაზე ისრაელის მხრიდან მუდმივი შეზღუდვების მასშტაბი, ისევე როგორც ის, თუ როგორ აგრძელებს ისრაელი საომარ მოქმედებებს, შეიძლება უტოლდებოდეს შიმშილის ომის მეთოდად გამოყენებას, რაც ომის დანაშაულია", - აღნიშნა ვოლკერ ტურკმა.

მისმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯერემი ლორენსმა, მედიასთან განმარტა, რომ საბოლოოდ, სასამართლოს დასადგენია, აქვს თუ არა ადგილი ისრაელის მხრიდან "შიმშილის ომის იარაღად გამოყენებას".

გაეროს სურსათის მსოფლიო პროგრამის (WFP) ხელმძღვანელი სინდი მაკკეინი აცხადებს, რომ ღაზის სექტორის ტერიტორიაზე საკვები ვერ შეაქვთ, ვინაიდან ორგანიზაციის თანამშრომლები უსაფრთხოების გარანტიას ვერ იღებენ. ”ეს ჩვენთვის ძალიან იმედგაცრუებულია, რადგან ეგვიპტისა და იორდანიის საზღვარზე საკვები გვაქვს. ჩვენ შევძლებთ 2,2 მილიონი ადამიანის გამოკვებას 3 ან 4 თვის განმავლობაში. საკვები მზად გვაქვს შესატანად, უბრალოდ, [ღაზის სექტორში] ვერ შევდივართ", - აცხადებს გაეროს სურსათის მსოფლიო პროგრამის ხელმძღვანელი.

 

დღის ამბები