02 მაისი 2024,   03:32
ვრცლად
ირაკლი კობახიძე სამხრეთ კავკასიაში ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამხრეთ კავკასიაში ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, მაჩიე ჩურას შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. 
 
ადმინისტრაციის ცნობით, ხაზი გაესვა EIB-თან, როგორც წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან, წარმატებულ თანამშრომლობას.
 
განიხილეს საქართველოს ეკონომიკის ზრდისა და მაკროეკონომიკური ტენდენციების პოზიტიური დინამიკა.
 
მთავრობის მეთაურმა EIB-ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზი გაესვა EIB-ის დაფინანსებით განხორციელებული და მიმდინარე საინვესტიციო პროექტების როლს, რომლებიც მიმართულია საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ. ამ კონტექსტში ხაზგასმით აღინიშნა მიმდინარე აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის პროექტის მნიშვნელობა, რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.
 
აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს EIB-თან არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას. გამოითქვა იმედი, რომ EIB მომავალშიც განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ქვეყნისთვის პრიორიტეტულ სფეროებში საინვესტიციო პროექტების დაფინანსების მიმართულებით.
საქართველოში ოპერირების დაწყებიდან EIB-მა საინვესტიციო პროექტებში 1.6 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელა.
დღის ამბები