22 მაისი 2024,   03:26
ვრცლად
"ხელისუფლებას ექნება შესაძლებლობა, გაუზიაროს ის კონკრეტული ნაბიჯები, რომელსაც ჩვენ ვდგამთ ევროინტეგრაციის გზაზე" - ევროკომისიის გენერალური დირექტორი საქართველოს დღეს ეწვევა

ევროკომისიის გენერალური დირექტორი სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში, ხერტ იან კოოპმანი საქართველოს დღეს ეწვევა. ის საქართველოში სომხეთიდან ჩამოდის.

ოფიციალური შეხვედრების დროს, ევროკავშირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის ხელმძღვანელი აქცენტს "გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით გააკეთებს.

ხერტ იან კოოპმანის შეხვედრები დაგეგმილია როგორც საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებთან, ისე - ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილავენ იმ ნაბიჯებს, რომელიც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგა. 
 
"ხელისუფლებას ექნება შესაძლებლობა, უშუალოდ, გაუზიაროს ის კონკრეტული ნაბიჯები, რომელსაც ჩვენ ვდგამთ ევროინტეგრაციის გზაზე. გვექნება მოლაპარაკებები, რაც კიდევ ერთხელ იქნება დამატებითი შესაძლებლობა იმისთვის, რომ საქართველომ გაიმყაროს ის პოზიციები, რომელიც ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე ჩვენი ქვეყნისთვის აქტუალური და მნიშვნელოვანია", - განაცხადა გივი მიქანაძემ. 
დღის ამბები