19 მაისი 2024,   08:36
ვრცლად
პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რომელმაც, ფაქტობრივად, საკუთარ თავს მოუწყო რევოლუცია არჩევნებამდე 6 თვით ადრე - იაგო ხვიჩია

საპროტესტო აქციებზე შესაძლო ფატალური შემთხვევის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადება პოლიტიკური დისკუსიის თემა გახდა. ზურაბ ჭიაბერაშვილმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში თქვა, რომ არავინ იცის, რა სახეს მიიღებს მოვლენები და ამ ყველაფერზე ხელისუფლების პასუხისმგებლობას გაუსვა ხაზი.

ოპოზიციის წევრები იზიარებენ ჭიაბერაშვილის პათოსს და ამბობენ, რომ ყველაფერი, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

"ჭიაბერაშვილის განცხადებას რომ დასდევენ, წამოვიდეს "ქართული ოცნების" ლიდერი ინგოროყვაში ჩემთან ერთად და ნახოს ახალგაზრდა, რომელსაც სახე აქვს დალეწილი, ნახოს ახალგაზრდა, რომელსაც თავის ქალა აქვს დალეწილი იმის გამო, რომ სპეცრაზმმა დაარბია ისინი და უმოწყალოდ სცემა. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ ხელისუფლებას,"-აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანა წითლიძე.

ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს "გირჩის" წევრი იაგო ხვიჩია და აღნიშნავს,  რომ "ქართულმა ოცნებამ" "საკუთარ თავს მოუწყო რევოლუცია."

"პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რომელმაც, ფაქტობრივად, საკუთარ თავს მოუწყო რევოლუცია და საკუთარი თავი დაასრულა არჩევნებამდე 6 თვით ადრე. არჩევნებამდე მშვიდად მიყვანის მთელი პროცესი, ცალსახად მის კისერზეა. ღმერთმა ყველას გვაშოროს ფატალური შემთხვევა, რადგან ეს პროცესებს საერთოდ სხვა მიმართულებით წაიყვანს. სწორედ ამიტომ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ფატალურ შემთხვევამდე საქმე საერთოდ არ მივიდეს,"-აცხადებს იაგო ხვიჩია.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში, საპროტესტო გამოსვლებზე საუბრისას თქვა, რომ არავინ იცის, რა სახეს მიიღებს მოვლენები. ახსენა შესაძლო ფატალური შემთხვევა, რაზეც აღნიშნა, რომ სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლების მხარეს იქნება.

დღის ამბები