19 მაისი 2024,   18:28
ვრცლად
უხვმა ნალექმა დედაქალაქში პრობლემები შექმნა - ვაკეში გზის ნაწილი ჩამოიშალა

უხვმა ნალექმა დედაქალაქში პრობლემები შექმნა. მერიის ინფორმაციით, განსაკუთრებით დაზარალდა გლდანის რაიონი, მუხიანის აგარაკების დასახლებაში დაიტბორა ეზოები. რამდენიმე მისამართზე დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, წაიქცა ხე, ჩამოიშალა ფერდი.

მერიაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები და ყველა რაიონში, სადაც უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა, მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, გამგეობებისა და მერიის უწყებების თანამშრომლები.

ჭაბუა-ამირეჯიბის გზატკეცილზე მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია, კლდოვანი ფერდიდან მიწის მასის ჩამოშლის გამო.

თბილისის მერიაში ვარაუდობენ, რომ, დღის ბოლომდე, მოძრაობა აღდგება.

ვაკეში, ყიფშიძის 4 ნომერში, სავალი გზის ნაწილი ჩამოიშალა. ადგილზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდანაც იყვნენ და არკვევდნენ, უსაფრთხოა თუ არა ტერიტორიაზე მაცხოვრებლების დატოვება.

თბილისის ვაკის რაიონის გამგებელი, დავით კვინიკაძე, ადგილზე იმყოფებოდა.

"დღეს დილით ადრე მოხდა ფერდის ჩამოშლა. ჩვენ გამოვიძახეთ სპეციალისტები ფერდის შესამოწმებლად და, მათი დასკვნის საფუძველზე, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს. თუ იქნება საფრთხის შემცველი, მოსახლეს გადავიყვანთ ქირით ან სასტუმროში, დროებით,"- აცხადებს კვინიკაძე.

დღის ამბები