19 მაისი 2024,   17:25
ვრცლად
ძალიან უცნაურია, ერთი სუვერენული ქვეყნის მინისტრი კარნახობდეს მეორე სუვერენული ქვეყნის პარლამენტს, რა კანონი სჭირდება ამ ქვეყანას - მაკა ბოჭორიშვილი შვედი მინისტრის კრიტიკაზე

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი, თბილისში შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრის ვიზიტს ეხმაურება. 

მისი თქმით, ძალიან უცნაურია ერთი სუვერენული ქვეყნის მინისტრი კარნახობდეს მეორე სუვერენული ქვეყნის პარლამენტს, რა კანონი სჭირდება ამ ქვეყანას. 

"მე არ ვიცი, რა აქვს შვედეთის მინისტრს დასამალი, როდესაც საქმე ეხება შვედეთის სახელმწიფოს დახმარებას საქართველოსადმი. ვერ გეტყვით, რა არის აქ დასამალი და რატომ წუხს შვედეთის მინისტრი ამ საკითხებზე. თუმცა, მარტივად და რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უცნაურია ერთი სუვერენული ქვეყნის მინისტრი კარნახობდეს მეორე სუვერენული ქვეყნის პარლამენტს, რა კანონი სჭირდება ამ ქვეყანას, ამ ქვეყნის სტაბილურობას, ამ ქვეყნის განვითარებას. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად წარმოუდგენელია მსგავსი რამ გააკეთოს საქართველოს რომელიმე მინისტრმა, ჩავიდეს რომელიმე სუვერენულ ქვეყანაში და უკარნახოს სხვა ქვეყნის პარლამენტს, რა უნდა გააკეთოს იმ ქვეყნისთვის", - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი. 

შვედეთის ელჩი ქართულ მხარეს გამჭვირვალობის კანონის გამო აკრიტიკებს. დიპლომატი აცხადებს, რომ კანონმდებლობა სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობებს ზღუდავს და არ შეესაბამება შვედეთის შეხედულებებს. 

დღის ამბები