16 ნოემბერი 2024,   11:01
ვრცლად
თბილისში შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრი ჩამოვიდა

თბილისში შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრი იმყოფება. იოჰან ფორსელმა პირველი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან გამართა. დაგეგმილია მოლაპარაკებები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთანაც.

შვედი მინისტრი უკვე შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. მათი განცხადებით, საუბრის მთავარი თემა გამჭვირვალობის შესახებ კანონი და მის გარშემო განვითარებული მოვლენები იყო.

შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა პარტიის "გირჩი - მეტი თავისუფლება" თავმჯდომარემ, ზურაბ ჯაფარიძემ. 

"იყო საუბარი იმაზე, რომ, რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, არა მხოლოდ მოლაპარაკებები აღარ გაიხსნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, არამედ სხვა ტიპის პრობლემებიც შეგვექმნება. საკმაოდ ცხადი და გასაგები გზავნილები იყო. აინტერესებდა გეგმები, ჩვენ როგორ ვუყურებდით პროცესს, მათ შორის, დეტალურად აინტერესებდა, როდის შეიძლება იყოს მესამე მოსმენა, როდის შეიძლება იყოს ვეტოს დაძლევა და ა.შ." - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

შეხვედრაზე იმყოფებოდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, ზურაბ ჭიაბერაშვილი. 

"რუსული კანონის მიღება არის საქართველოს ევროკავშირისაკენ მიმავალი გზის ჩახერგვა. დასავლეთში, ჩვენი პარტნიორები არ აპირებენ ქართველი ხალხი მიატოვონ იმ ისტორიულ ბრძოლაში, რომელსაც ჰქვია ბრძოლა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის, ევროპული მომავლისა და სუვერენიტეტისთვის." - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

დღის ამბები