17 მაისი 2024,   08:58
ვრცლად
„ვის აქვს იმის ილუზია, რომ სრულიად შემთხვევით გააჩერეს ეს ადამიანები" - გიორგი კლდიაშვილი გახმაურებულ დაკავებებზე საუბრობს

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი ბოლო დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით გახშირებულ დაკავებებზე კურიერის პირდაპირ ეთერში საუბრობს. კლდიაშვილის თქმით, ქვეყანაში არსებობს რეპრესიული ნარკოპოლიტიკა.

კლდიაშვილი შს მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ "ეს არის მოგონილი მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ თავი აარიდონ მოსალოდნელ პასუხისმგებლობას."

„ეს არის ან სირაქლემის პოზაში დადგომა, ან კიდევ საერთოდ არარეალურ საქართველოში ცხოვრება. არ დავაბრალებ ტყუილს ბატონ მინისტრს,“ - განაცხადა კლდიაშვილმა.

მისი თქმით, დაკავებების შესახებ მტკიცებულებები უნდა იქნეს წარმოდგენილი. 

„კრიტიკულად, ოპოზიციურად განწყობილი პიროვნებების შევიწროება, ამის ცდუნება და ინტერესი ხელისუფლებას ყოველთვის აქვს. შესაბამისად, იყო თუ არა პოლიტიკური მიზნით ეს საშუალებები, უკვე ამაზე მაქსიმალურად მტკიცების ტვირთი აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს,“ - განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა.

მისი თქმით, მას უფრო სჯერა დაკავებულის ოჯახის წევრების განცხადებების, ვიდრე შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციის. იქიდან გამომდინარე, რომ ვიდეო მასალა წარმოდგენილი არ არის.

„ვის აქვს იმის ილუზია, რომ სრულიად შემთხვევით გააჩერეს ეს დაპატიმრებული ადამიანები. თავისთავად, ეს ყველაფერი კარგად იცოდნენ მათ, რას და როგორ აპირებდნენ. თუ მათ არ აქვთ ვიდეო მასალა, ცხადია ეს ეჭვი არის ძალიან საფუძვლიანი,“ - განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა.

დღის ამბები