17 მაისი 2024,   10:53
ვრცლად
ერთობლივი ძალისხმევით ვაპირებთ, უფრო ძლიერი გავხადოთ არა მარტო სუამი, არამედ საკუთარი ქვეყნებიც - გიორგი კვირიკაშვილი

კიევში, ბიზნეს ფორუმის დაწყებამდე სუამის ქვეყნების მეთაურებმა გაფართოებულ შეხვედრაზე სამიტის პოლიტიკურ მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

სუამის სამიტი კიევში პირველად იმართება და 2017 წელს თავმჯდომარე ქვეყანა საქართველოა.

"საქართველოს თავმჯდომარეობის დროს პროგრამა შემთხვევით არ არის წარმოდგენილი დევიზით: "ერთად ძლიერი სუამისთვის", რადგან ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ ვაპირებთ უფრო ძლიერი გავხადოთ არა მარტო სუამი, არამედ საკუთარი ქვეყნებიც. დღევანდელ შეხვედრაზე ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ და შევთანხმდით, გავაგრძელოთ მუშაობა სუამის განვითარებისთვის. ასევე აღინიშნა, რომ ჩვენი საერთო გამოწვევები უკავშირდება მოუგვარებელ კონფლიქტებს სუამის რეგიონში და ეს გვავალდებულებს გავაძლიეროთ თანამშრომლობა, რომ მივაღწიოთ უფრო ფართო საერთაშორისო მხარდაჭერას," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

უკრაინის პრემიერმინისტრმა, ვლადიმერ გროისმანმა სუამის ქვეყნების მეთაურების გაფართოებულ შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე ისაუბრა.

"შეხვედრაზე მკვეთრად განვსაზღვრეთ მომავალი თანამშრომლობის ნაბიჯები. შევეხეთ ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე პოლიტიკურ ურთიერთობებს. მნიშვნელოვანია, რომ ხელი მოვაწერეთ დოკუმენტებს, რომლებიც საშუალებას მოგვცემს უკვე წელს სრულფასოვნად ავამოქმედოთ თავისუფალი სავაჭრო ზონა. ეს სასარგებლო იქნება ჩვენი ეროვნული ეკონომიკების განვითარებისთვის და თანამშრომლობის გასაძლიერებლად," - განაცხადა ვლადიმერ გროისმანმა.

გიორგი კვირიკაშილი უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, თავის უკრაინელ კოლეგას შეხვდება. საქართველოს პრემიერმინისტრი უკრაინას დღეს დატოვებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები