17 მაისი 2024,   17:23
ვრცლად
მესაზღვრეებს დაევალებათ, რომ დეტალურად გაესაუბრონ ყველა მოქალაქეს, რომლებიც ევროპულ ქვეყნებში მიემგზავრებიან - გიორგი მღებრიშვილი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიროგი მღებრიშვილმა, უვიზო რეჟიმის დამყარებასთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა. გიორგი მღებრიშვილის განცხადებით ვიზალიბერალიზაციის დაჩქარების პროცესი საქართველოს მთავრობის დიდი შრომის შედეგია. მისი თქმით, ამ პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდი წვლილი მიუძღვის.

„ეს იყო კომპლექსური პროცესი, რომელშიც ჩართული იყო ხელისუფლების ყველა რგოლი, ერთ-ერთ წამყვან როლს ამ პროცესში შსს ასრულებდა. ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების 60 % სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროზე მოდიოდა, მათ შორის საზღვრის ინტეგრირებული მართვა,“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. 

შსს საზღვრებზე საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის რეჟიმის პირობებს დეტალურად გააცნობს.

„მე დღეს ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომლითაც ჩვენს მესაზღვრე-კონტროლიორებს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, 28 მარტიდან ოფიციალურად დაევალებათ, რომ დეტალურად გაესაუბრონ ყველა მოქალაქეს, რომლებიც იმ ევროპულ ქვეყნებში მიემგზავრებიან, სადაც ვრცელდება თავისუფალი სავიზო რეჟიმი, გაუწიონ კონსულტაცია უვიზო მიმოსვლის პირობებთან დაკავშირებით და შეამოწმონ მათი სამგზავრო დოკუმენტების შესაბამისობა შენგენის მოთხოვნებთან. იმ შემთხვევაში, თუ ამ გვარი შემოწმებისას გამოვლინდება, რომ რომელიმე დოკუმენტი არ შეესაბამება შენგენის ზონაში საზღვრის კვეთის თვის საჭირო სტანდარტებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღალი ალბათობით ამ პირს არ შეუშვებენ ევროკავშირში,  მესაზღვრე მას გააფრთხილებს ამის თაობაზე და მოსალოდნელ შედეგებსაც განუმარტავს,“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

დღის ამბები