17 მაისი 2024,   06:33
ვრცლად
ლატვიის პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად თბილისს ეწვია

თბილისს ლატვიის პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად ეწვია. რაიმონდს ვეი-ონისი ოფიციალურ ვიზიტს ხვალიდან იწყებს. პირველი შეხვედრა გიორგი მარგველაშვილთან ექნება და ორმხრივ დოკუმენტებს მოეწერება ხელი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი სიმბოლურ ფაქტს უწოდებს იმას, რომ ლატვიის პრეზიდენტის ვიზიტი, თავისუფალი სავიზო რეჟიმის მინიჭებას ემთხვევა.

„მნიშვნელოვანია ის, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ლატვია და მისი პრეზიდენტი იყო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების მხარდამჭერი,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ ლატვია ყოველთვის იყო საქართველოს განსაკუთრებული მხარდამჭერი ვიზალიბერალიზაციის პროცესში. მან ასევე ისაუბრა იმ დაგეგმილ ღონისძიებებზე, რომელიც ორი პრეზიდენტის შეხვედრას ახლავს თან.

„ორი ქვეყნის პრეზიდენტი ყვარელში გახსნიან ერთობლივ, ძალიან მსხვილ საინვესტიციო პროექტს და მიგვაჩნია, რომ ეს ოფიციალური ვიზიტი კიდევ უფრო მეტად ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას,“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

თავისუფალი სავიზო რეჟიმის მინიჭების შესახებ საუბრობს საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი - საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, რომელმაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ამ პროცესით ისარგებლებს საქართველოს ყველა მოქალაქე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლების ჩათვლით.

„ეს არის ჩვენს პარტნიორებთან შეთანხმებული მოქმედების და მუშაობის შედეგი. ევროკავშირთან ინტეგრაციის ხელშესახები შედეგი, რომლითაც ისარგებლებს საქართველოს აბსოლუტურად ყველა მოქალაქე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ჩათვლით. ეს არის ის, რაც შეეხება თითოეულ ოჯახს,“ - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები