17 მაისი 2024,   23:04
ვრცლად
ინვესტორების ბრალდებები სასამართლოს მიმართ და პოლიტიკური შეფასებები

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ სასამართლოში კორუფცია მასშტაბურ სახეს იძენს. პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, არაბი ინვესტორის, ფადი ასლის მიერ საქალაქო სასამართლოსადმი წაყენებულ ბრალდებებს აფასებს.

„მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის აბსურდული, მას არ აქვს წარმოდგენა, რა არის ასეულობით მილიონი. მან 2 გადაწყვეტილება მიიღო და სადღაც 270 მილიონამდე ჯარიმა დააკისრა უცხოურ კომპანიებს. საერთოდ მასშტაბში არის აცდენილი, საერთოდ ვერ ხვდება რა გააკეთა. ან არის საერთოდ არაკომპეტენტური, ან გვაქვს კორუფციასთან საქმე,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - რეგიონების წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ფიქრობს, რომ კორუფცია სასამართლოში ისეთ დონეს აღწევს, როგორიც ის შევარდნაძის პერიოდში იყო.

უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა მოსამართლეებს კანონისგან დამოუკიდებლებს ვერ ხდის და შესაბამისად, პარლამენტმა კანონის დახვეწაზე უნდა იზრუნოს. უმრავლესობის ნაწილი ბრალდებებს ცილისწამებას უწოდებს.

„ასე ხელაღებით საუბარი კორუფციაზე ეს სასამართლო იქნება თუ ნებისმიერი უწყება, არის უპასუხისმგებლო. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ეს განცხადებები, როგორ მინიმუმ, არის უპასუხისმგებლო და ყველა მათგანს სჭირდება არგუმენტირება და დადასტურება,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები