17 მაისი 2024,   10:07
ვრცლად
ოპოზიცია მოსმენების კანონს კვლავ აკრიტიკებს და კონსულტაციებს განაგრძობს

ოპოზიციის წევრების აზრით, ე.წ. მოსმენების კანონით არ არის დაცული ის მოთხოვნები, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო ითხოვდა. მათი თქმით, სასამართლოს მთავარი მოთხოვნა იყო, რომ სუს-იდან ე.წ. მოსმენების გასაღები გამოსულიყო და დამოუკიდებელი სტრუქტურა უნდა ჩამოყალიბებულიყო.

„ამ კანონით ჩვენ ახალ რეალობაში გავიღვიძეთ, ქვეყანაში სპეცსამსახურს მიენიჭა ასეთი უფლებები, რომელიც იქნება აუცილებლად ბოროტად გამოყენებული, რომლის მთავარი მიზანი იქნება ადამიანების, პოლიტიკური ლიდერების, საზოგადოების აქტიური ჯგუფების დევნა ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით, ამიტომ ყველა ღონეს ვიხმართ სამართლებრივს, თუ პოლიტიკურს რომ ეს კანონი აღარ იყოს მთელი სიმძაფრით ამოქმედებული და რაც შეიძლება სწრაფად გაუქმდეს,“- განაცხადა ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ.

ევროპულ საქართველოში აცხადებენ, რომ მოსმენების კანონთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება და აპირებენ, რომ ის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდეს.

"ჯერ კიდევ იქამდე, სანამ უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევდა, ჩვენ დაწყებული გვქონდა კონსულტაციები, როგორც არასამთავრობო სექტორთან, ასევე პარლამენტს გარეთ მყოფ პოლიტიკურ პარტიებთან, სხვა პოლიტიკურ პარტიებთან, ასევე პრეზიდენტთან, იმის შესახებ თუ რა შეიძლება გაკეთდეს მას შემდეგ თუ უმრავლესობა ამ სახით მიიღებს ამ კანონს, ჩვენ ვაგრძელებთ კონსულტაციებს,“- განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

თავისუფალ დემოკრატებში მიაჩნიათ, რომ ფარული მიყურადების გამოყენებას მმართველი გუნდი პოლიტიკური მიზნისთვის აპირებს.

„ეს არ არის სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს შენების გზა, ჩვენ ასე ვშორდებით რეალურად ევროპულ და ცივილიზებულ სივრცეს ჩვენი ინსტიტუციური მოწყობით და ძალიან ვემსგავსებით რუსეთს,“- განაცხადა შალვა შავგულიძემ.

დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს მთავარი საბჭოს წევრის, გიორგი ახვლედიანის თქმით, ხელისუფლებამ თავისი დაპირება, რომ ადამიანებს არ მოუსმინოს, არ შეასრულა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები