17 მაისი 2024,   17:23
ვრცლად
 „ჭიქა წყალში ქარიშხლის მოწყობის მცდელობა“ - დავით მათიკაშვილი თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის გაუქმებაზე

7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი კურიერის პირდაპირ ეთერში საუბრობს.

მათიკაშვილი საკითხს „ჭიქა წყალში ქარიშხლის მოწყობის მცდელობას“ უწოდებს და ამბობს, რომ თემაზე არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„გარკვეული ინიციატივები ცხადია არსებობს, ინიციატივებს ვერ დავუშლით ჩვენ არსებობას, მაგრამ იმისთვის, რომ ეს ინიციატივა წესად გადაიქცეს და კანონში შესაბამისად აისახოს, ამისთვის საჭიროა, რომ გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული. ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ სენსიტიურ საკითხზე, ჩვენ გვმართებს ძალიან დიდი დაფიქრება, აწონ-დაწონვა ყველა ნიუანსის და ისე რაიმე სახის გადაწყვეტილების მიღება,“ - განაცხადა მათიკაშვილმა.

ის კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ „არანაირი მსგავსი გადაწყვეტილება არ არის მიღებული და ასეთი გადაწყვეტილების მიღებაც არ იგეგმება.“

„თუკი იქნება მსჯელობა და კონსულტაციები, ეს არის ძალიან ჩვეულებრივი რეჟიმი. დღის წესრიგში ინიციატივებიდან გამომდინარე დგება,“ - ამბობს დავით მათიკაშვილი.

მისი თქმით, საქართველო რეფორმების გზით მიდის და ქვეყანა ასე ახლოს არასდროს ყოფილა ევროპასთან, როგორც დღეს არის.

„ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც იქნება ხელისუფლების მიერ, მითუმეტეს თვითმმართველობებთან დაკავშირებით მიღებული, ამ სტანდარტებთან იქნება შესაბამისობაში და გათვალისწინებული იქნება ყველა ნიუანსი,“ - აცხადებს მათიკაშვილი.

დღის ამბები