17 მაისი 2024,   08:57
ვრცლად
არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს ფაქტების, გამოთქმის დამახინჯება - მათიკაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას განმარტავს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი პრეზიდენტის არჩევის წესზე კურიერის პირდაპირ ეთერში საუბრობს და აქვე პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, პრეზიდენტის მისამართით გაკეთებულ განცხადებას განმარტავს, სადაც ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტი არ უნდა იყოს ქარიზმატული.

„ყოფილა შემთხვევები, როდესაც საკითხის გარშემო მსჯელობა საკონსტიტუციო კომისიის შიგნით მომხდარა და კონკრეტული პოზიციები დაფიქსირებულა, მაგრამ გარკვეული ძალების მიერ, ჟურნალისტებთან, ტელეკამერების წინ, აბსოლუტურად სხვანაირი ან მიმსგავსებული კომენტარები იქნა გაკეთებული.“

„მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს უტრირება, ეს იყოს ფაქტების, გამოთქმის დამახინჯება და ისე იყოს ეს ყველაფერი მიწოდებული ჟურნალისტებთან, რადგანაც არანაირი მიზეზი არ გაგვაჩნია იმისა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს არ ვენდოთ,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მათიკაშვილის თქმით, როგორი ფორმით მოხდება საბოლოოდ პრეზიდენტის არჩევა, ამაზე საუბარი ნაადრევია, მისი განმარტებით, გადაწყვეტილება, რაც დღეს ნამდვილად მიღებულია, საპარლამენტო რესპუბლიკის ფორმატის საკითხი. 

„პრეზიდენტი, რომელიც არის არბიტრი, რას ეტყვის თავის ამომრჩეველ? მე როგორ მოვიქცევი, კარგი არბიტრი ვიქნებიო? ეს ხომ ცხადია, რომ ასე უნდა იყოს. ის პოლიტიკური კუთხით, ვერანაირ განცხადებას ვერ გააკეთებს, იმიტომ რომ რეალურად პრეზიდენტი ამ შემთხვევაში აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური არ არის,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მათიკაშვილი 15 არასაპარლამენტო პარტიის მოთხოვნებზეც საუბრობს, რომელიც არჩევნების არა მაჟორიტარული, არამედ პროპორციული წესით ჩატარებას გულისხმობს.  

„ამ კონკრეტული ინიციატივით მე არ ვიცი რისი გაკეთება სურთ, ყველა იმ ორგანიზაციას. ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფო და დემოკრატიული გადაწყვეტილებები ხმათა უმრავლესობით მიიღება,“ - აღნიშნავს მათიკაშვილი.

დღის ამბები