17 მაისი 2024,   08:58
ვრცლად
საგანგებო შეხვედრა - ევროპელი პოლიტიკოსების კითხვები ე.წ. მოსმენების კანონზე უმრავლესობასთან

ე.წ. მოსმენების კანონზე მომუშავე უმრავლესობის დეპუტატებთან შეხვედრა ევროპელმა პოლიტიკოსებმა საგანგებოდ მოითხოვეს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს მმართველი გუნდისგან აინტერესებდათ, რამდენად არის შესაბამისობაში კანონის ახალი ვარიანტი, საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნებთან.

მონიტორინგის კომიტეტის წევრებს მედიასთან განცხადება არ გაუკეთებიათ, უმრავლესობა კი ამტკიცებს, რომ შეხვედრაზე მათ მიერ დასმულ ყველა კითხვას პასუხი გაეცა.

საპირისპიროს ამტკიცებს ოპოზიცია. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება. უმაღლესი ინსტანციის მოთხოვნა კი ე.წ. მოსმენების გასაღების სუსი-დან გამოტანა იყო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მობილური ოპერატორების სერვერებთან პირდაპირი წვდომის შესაძლებლობა არ უნდა ჰქონოდა.

ე.წ. მოსმენების კანონზე სარჩელის მომზადებას აპირებს ევროპული საქართველო და ამისთვის არასაპარლამენტო ოპოზიციასთან კონსულტაციები უკვე დაწყებული აქვს. პარტიაში მიიჩნევენ, რომ უკანონო მოსმენების პრაქტიკა აქტიურად გაგრძელდება.

საკონსტიტუციო სასამართლოსთან ერთად, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გეგმავს სარჩელის შეტანას კამპანია ეს შენ გეხება. არასამთავრობოებს პრეზიდენტის მხარდაჭერის იმედიც აქვთ.

ე.წ. მოსმენების კანონის ახალი ვარიანტის ამოქმედებამდე, განცხადება გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმაც. იან კელი საზედამხედველო უწყებების აქტიურობის აუცილებლობაზე ლაპარაკობს.

უმრავლესობამ ე.წ. მოსმენების გასაღები სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან არ გამოიტანა. კანონის ახალი ვარიანტით სუს-ის დაქვემდებარებაში ახალი სააგენტო იქმნება, რომელსაც საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი ექნება. სააგენტოს უფლება აქვს მობილური და სატელეკომუნიკაციო კომპანიების სერვერებთან პირდაპირი წვდომა ჰქონდეს და ფარული მიყურადება განახორციელოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები