18 მაისი 2024,   10:24
ვრცლად
პრეზიდენტის უფლებამოსილების საკითხზე მსჯელობა დღეს პარლამენტში გაგრძელდება

პრეზიდენტის უფლებამოსილების საკითხზე მსჯელობა დღეს პარლამენტში გაგრძელდება. ოპოზიცია კვლავ პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინების მცდელობაზე საუბრობს.

„პრეზიდენტის უფლებამოსილება გარკვეულწილად იზღუდება, უქმდება მნიშვნელოვანი ბერკეტები, რომელიც მას გააჩნია სახელმწიფო პოლიტიკაზე ზეგავლენის. გავდივართ ჩვენ შიდაპარტიულ კონსულტაციებს და ჩამოვყალიბდებით თუ რა გზით შევძლებთ ყველაზე უკეთ დავიცვათ ჩვენი ამომრჩევლების ინტერესი,“-ამბობს ენმ-ს წევრი სალომე სამადაშვილი.  

დღეს ასევე განიხილავენ ოჯახის დეფინიციის საკითხს, რომლის კონსტიტუციაში ჩაწერასაც ოპოზიცია ასევე არ უჭერს მხარს.

საპარლამენტო ოპოზიცია კვლავ არ გამორიცხავს, რომ დატოვოს კომისია.

„ამ ეტაპზე ვცდილობთ საკონსტიტუციო კომისიის შიგნით, ძალიან მწვავე დებატებით შევეცადოთ, რომ არ მივცეთ ქართულ ოცნებას კონსტიტუციის გაუარესების საშუალება, თუმცა თუ დავინახავთ, რომ საარჩევნო სისტემას ისინი მკვეთრად ამახინჯებენ, ან პრეზიდენტის უფლებამოსილებას გაუგონრად კვეცავენ, რომელიც არ შეესაბამება ჩვენი ხალხის ინტერესებს, ბუნებრივია ასეთ შემთხვევაში ჩვენ დატოვების საკითხს განვიხილავთ,“- აცხადებს ევროპული საქართველოს წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

უმრავლესობაში კი პოლიტიკური პარტიების მხრიდან ასეთ გადაწყვეტილებას გაუმართლებლად მიიჩნევენ.

რაც შეეხება პრეზიდენტის უფლებებს, მათი თქმით, მათ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია გაითვალისწინეს და აცხადებენ, რომ პრეზიდენტის უფლებები არ იზღუდება, ოჯახის განმარტებაზე კი, უნდა იყოს თუ არა ეს ჩანაწერი კონსტიტუციაში, მმართველ პარტიაში ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა.

„ეს არის არასწორი თითქოს ხდება პრეზიდენტის უფლებამოსილებების შემცირება, პრეზიდენტს რჩება იგივე მანდატი რაც აქვს დღეს. ვენეციის კომისიის ორი რეკომენდაცია ავსახეთ ჩვენ ცვლილებებში,“-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

დღის ამბები