22 მაისი 2024,   11:07
ვრცლად
ხელისუფლების ინტერესის კიდევ ერთი მტკიცებულება სტრასბურგისთვის-ოპოზიცია "რუსთავი2"-ის საქმეზე კობახიძის განცხადებას აფასებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით გაკეთებულ  განცხადებას ოპოზიცია ეხმაურება.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით,  ირაკლი კობახიძის  განცხადება იმის შესახებ, რომ სტრასბურგმა გადაწყვეტილება პრეზიდენტისა და პოლიტიკოსების მხრიდან პოლიტიკური გავლენის მცდელობის ფონზე მიიღო,  არის პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ საქმეში იყო ხელისუფლების დაინტერესება. 

ქართული ოცნების წარმომადგენელთა ყოველი მომდევნო განცხადება არის კიდევ უფრო სამარცხვინო, სავალალო და ზიანის მომტანი ჩვენი ქვეყნისათვის, რადგან ცხადად აჩვენებს კიდევ ერთხელ, რომ საქართველოს ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილს, ქართულ ოცნებას ჰქონდა პირდაპირი ინტერესი ჩაეხშო რუსთავი 2 და ეს განცხადება პირიქით აძლიერებს სტრასბურგში უკვე ფართოდ გავრცელებულ აზრს, რომ რუსთავი 2-ის ხმის ჩახშობა უნდოდა სწორედ საქართველოს ხელისუფლებას,“-აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი

მწვავე შეფასებები კეთდება ნაციონალურ მოძრაობაშიც. პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ ერთადერთი მცდელობა მოეხდინა გავლენა რუსთავი 2-ის საქმის გადაწყვეტილებაზე ჰქონდა ხელისუფლებას და ამის ნათელი მაგალითი, საგარეო საქმეთა მინისტრის სტრასბურგში ვიზიტია.

„ეს არის მკაფიო დემონსტრირება იმისა, რატომაც ეს ყმაწვილი, რომელიც არ არის თავის ადგილას, პარლამენტის სპიკერად არ უნდა მუშაობდეს. წარმოდგენა არ აქვს ელემენტარულ ჭეშმარიტებებზე, როგორიც არის ის, რომ სტრასბურგის სასამართლოზე ვერავინ ვერ მოახდენს პოლიტიკურ გავლენას. თუ ვინმე ახდენდა და ცდილობდა ამას იყო დღევანდელი მთავრობა, უვიცი მთავრობა, რომელმაც იქ გააგზავნა საკუთარი საგარეო საქმეთა მინისტრი,“-განაცხადა ნიკა რურუამ.

ირაკლი კობახიძის განცხადებას სამწუხაროს და პოლიტიკურად არასწორს უწოდებენ რესპუბლიკურ პარტიაშიც.

„მარცხის ღირსეული მიღება ნიშნავს, რომ გარკვეულ სიმაღლეებს წვდები და ვერ წვდება ეს ხელისუფლება ამ სიმაღლეებს და ამიტომაც აკეთებს ასეთ განცხადებებს. ძალიან სამწუხაროა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, მეორე პირი ამ ქვეყანაში, ვერ ავლენს იმხელა კეთილგონიერებას, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები არ გააკეთოს ევროპის სასამართლოს მიმართ,“-ამბობს თამარ კორძაია.

ამავე თემაზე
დღის ამბები