18 მაისი 2024,   14:03
ვრცლად
პრეზიდენტის უფლებამოსილება და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები - პოლიტიკოსების შეფასებები

პარლამენტის დეპუტატები პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ.  უმრავლესობაში აცხადებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტს, ცვლილებების შედეგად უფლებამოსილება არ შეუმცირდება და კომისიამ კონსტიტუციის ეს ჩანაწერი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში მოიყვანა.

„თუკი ვენეციის კომისია შეცვლის პოზიციას და იტყვის, რომ ახლა რაღაც სხვა მოსაზრება აქვს, შესაბამისად, ჩვენც გადავხედავთ ჩვენს ვერსიას,“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი ტუღუში აცხადებს, რომ ამ ცვლილებაზე ხელისუფლებას ვენეციის კომისიისგან „მწვანე შუქი“ ნამდვილად აქვს.

„ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი ცვლილება, რომელიც შეიძლება გატარდეს, იქიდან გამომდინარე, რომ ვენეციის კომისიიდან ამას მხარდაჭერა ჰქონდა,“ - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის რომან გოცირიძის აზრით კი, პრეზიდენტთან დაკავშირებული ყველა ცვლილება მმართველი ხელისუფლების მიერ ძალაუფლების შენარჩუნებისკენ არის მიმართული.

„რეალურად, მმართველი ხელისუფლება იქმნის სასათბურე პირობებს. ამას დამატებული ფული, მრავალი მილიარდი არაფორმალური მმართველისგან, ადმინისტრაციული რესურსი და ეს იმას ნიშნავს, რომ კონსტიტუცია უნდათ მოირგონ საკუთარ ტყავზე,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დღის ამბები