13 მაისი 2024,   17:14
ვრცლად
ქვეყნის შეურაცხყოფა და ოკუპაციის გაგრძელება - თბილისში ლავროვის სოხუმში ვიზიტს აფასებენ 

ოკუპირებულ სოხუმში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს, პროვოკაციად აფასებენ თბილისში.

უშიშროების საბჭოს მდივნის დავით რაქვიაშვილის განცხადებით, რუსეთი კიდევ ერთხელ აყენებს შეურაცხყოფას საქართველოს და იმ ადამიანებს, რომლებიც ოკუპანტებმა  საკუთარი სახლიდან გამოაგდეს.

„ამ ნაბიჯით რა თქმა უნდა რუსეთის ფედერაცია კიდევ ერთხელ აყენებს შეურაცხყოფას როგორც საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ისე იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს ადგილი დატოვეს, რომლებიც გამოყარეს თავიანთი სახლებიდან და ამ ქმედებას არანაირი გამართლება არ აქვს არა მარტო საქართველოს პერსპექტივიდან, არამედ მთლიანი საერთაშორისო საზოგადოების პერსპექტივიდან,“-განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.

ლავროვის ვიზიტს  ანექსიის გაგრძელებად აფასებენ უმრავლესობაში და აცხადებენ, რომ ეს მეზობელი ქვეყნის კიდევ ერთი დესტრუქციული ნაბიჯია.

„ამ ვიზიტსაც ოკუპაციის პროცესის შემადგენელ ნაწილად განვიხილავთ ბუნებრივია და არის ჩვეულებრივი პროვოკაციული ქმედება. რაც შეეხება დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნას, საერთაშორისო სამართლის დარღვევაა და ბუნებრივია არც არის აღიარებული,“-განაცხადა ნინო გოგუაძემ.

ოპოზიცია  მმართველ გუნდს რუსეთთან პოზიციების შესუსტებაში ადანაშაულებს.  

მათი განცხადებით, ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის პროვოკაციული ქმედებების საპასუხოდ ხელისუფლებამ საერთაშორისო დონეზე მუშაობა უნდა გაააქტიუროს.

„ერთადერთი გამოსავალი არის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აღიაროს ის მძიმე სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული შეცდომები და გადაეწყოს სრულიად ახალ პოლიტიკაზე, რომელიც გაითვალისწინებს აქტიურ ჩართულობას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორობის,“-აცხადებს ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური.  

დღის ამბები