13 მაისი 2024,   09:48
ვრცლად
"რუსეთის პოლიტიკურ ისტებლიშმენტში მძლავრობენ ე.წ. ტროიშნიკები"-ზვიად კვაჭანტირაძე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტსა და სოხუმში ე.წ. საელჩოს გახსნის თემაზე განცხადებები გაკეთდა დღეს საკანონმდებლო ორგანოში.

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე ამბობს, რომ ლავროვის აფხაზეთში ვიზიტი იყო არასწორი პოლიტიკური ნაბიჯი საქართველოს წინააღმდეგ. მისი თქმით, "რუსულ პოლიტიკურ წრეებში არიან სამოსნები, რომელთაც წარმოდგენა არ აქვს საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორიაზე."

„ლავროვის ვიზიტი სოხუმში იყო არა მხოლოდ მორიგი პროვოკაცია, არამედ უაღრესად მცდარი პოლიტიკური ნაბიჯი საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან, რაც მხოლოდ და მხოლოდ ადასტურებს იმას, რომ რუსეთ თავად ვერ აღიქვამს რეალობას სწორად.

"ლავროვის ვიზიტი სოხუმში გვაფიქრებინებს, რომ რუსეთის დღევანდელ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში მძლავრობენ ე.წ. ტროიშნიკები, როგორც რუსები ეძახიან ამას, რომლებსაც წარმოდგენაც კი არ აქვთ დღეს უკვე საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორიაზე,“-განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

მმართველმა გუნდმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას დაიცვას საერთაშორისოდ აღიარებული ნორმები.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას შეწყვიტოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მიმდინარე მოვლენების ფონზე მინდა ხაზი გავუსვა საქართველოს საკანონმდებლო  და აღმასრულებელი ხელისუფლების ძალისხმევას, რაც საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში ამყოფებს საქართველოს რეგიონების ოკუპაციის, ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს,“-განაცხადა პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო ქაცარავამ.

დღის ამბები