18 მაისი 2024,   09:28
ვრცლად
თამარ ჩუგოშვილის თქმით, ვენეციის კომისია კონსტიტუციის ცვლილებების პროექტს პოზიტიურად აფასებს

ქართული ოცნების წარმომადგენელთა შეხვედრა ვენეციის კომისიის მდივანთან დასრულდა. 45-წუთიანი შეხვედრის შემდეგ თამარ ჩუგოშვილმა ყურადღება კონკრეტულ თემებზე გააკეთა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა, აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიის მდივანთან საუბარში პოზიტიურად შეაფასა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესი, უშიშროების საბჭოს საკითხი, ბლოკების არარსებობა და ასევე 5%-იანი ბარიერის დატოვება.

„რამდენიმე ტექნიკური ხასიათის შენიშვნა შესაძლებელია, ჰქონდეს ვენეციის კომისიას. საინტერესო იყო ის, რომ 2 კონკრეტული თემა შემიძლია გითხრათ. ერთი შეეხება უზენაესის მოსამართლეების არჩევის წესს, რომელზეც ჩვენ მოვისმინეთ ძალიან ბევრი კრიტიკა, რომ პრეზიდენტს, თითქოს, ვართმევდით გარკვეულ უფლებამოსილებას. ვენეციის კომისიის ექსპერტებმა დაგვიდასტურეს, რომ ეს არის სწორი ჩანაწერი... იგივე შეეხებოდა ზუსტად უშიშროების საბჭოს თემას. ანუ პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან მიმართებით ორი ცვლილება, რომელიც პროექტშია ასახული, ვენეციის კომისიამ დაგვიდასტურა, რომ სწორად არის ასახული,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით ახალი ჩანაწერი ვენეციის კომისიისთვის მისაღებია და დაამატა, რომ საარჩევნო სისტემის პროპორციულზე გადასვლას კომისია დადებითად აფასებს.

„რამდენიმე საკითხზე მგონია, რომ შესაძლებელია, რეკომენდაცია მოგვცეს ვენეციის კომისიამ, რომ ფორმულირება შევცვალოთ... ერთ-ერთი საკითხი შეიძლება, იყოს გაუნაწილებელი მანდატების თემა და შესაძლებელია, იყოს ქორწინების საკითხი. ვნახოთ, საბოლოო დასკვნაში როგორ იქნება ასახული,“ - აცხადებს თამარ ჩუგოშვილი. 

2 საათში ევროპული საქართველოს წევრები ვენეციის კომისიის წევრებს შეხვდებიან.

დღის ამბები