26 აპრილი 2024,   16:23
ვრცლად
დეპუტატ სესიაშვილის შვილის სუს-ში დასაქმება - ოპოზიცია ინტერესთა კონფლიქტზე საუბრობს

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ პროკურატურას მიმართა. ირაკლი სესიაშვილი ცილისწამებაზე რეაგირებას მოითხოვს. პოლიტიკური ცილისწამებას უმრავლესობის დეპუტატი ნაციონალური მოძრაობის მიერ გუშინ გასაჯაროებულ ინფორმაციას უწოდებს, რომლის თანახმადაც 2015 წელს ჩადენილი ქურდობის ადგილზე ამოღებული თითის ანაბეჭდები დავით სესიაშვილისას დაემთხვა.

იდენტიფიცირება კი, დეპუტატის შვილის სუს-ში დასაქმებისას ჩატარებული შემოწმების დროს მოხდა. მანქანაზე ანაბეჭდების არსებობა სესიაშვილმა დღეს დაადასტურა, თუმცა დანაშაულთან შვილის კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

დეპუტატის მიმართვას ძალოვანი უწყება არ გამოხმაურებია. ჯერ კიდევ გუშინ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ უწყებების მიერ წარმოებულ საქმეებში დავით სესიაშვილი არ ფიგურირებდა. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ თავად სესიაშვილისა და სხვადასხვა უწყებების მხრიდან ორი დღეა ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება, რაც დამატებითი ეჭვების საფუძველია.

მმართველ გუნდში კი დარწმუნებული არიან, რომ დავით სესიაშვილი უდანაშაულოა და ნაციონალურ მოძრაობას ბოდიშის მოხდა მოუწევს.

სატელევიზიო კომენტარი საქმესთან დაკავშირებით ამ დრომდე არცერთ ძალოვან უწყებას არ გაუკეთებია.

დღის ამბები