19 მაისი 2024,   12:27
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებები - ოპოზიცია მმართველ გუნდს მოსახლეობის შანტაჟში ადანაშაულებს

საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტი უმრავლესობასა და უმცირესობას შორის კვლავ დაპირისპირების მიზეზია. ოპოზიციაში ამბობენ, რომ გამოიყენებენ ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რათა ხელი შეუშალონ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემუშავებული პროექტის დამტკიცებას.

საპარლამენტო ოპოზიცია ცვლილებებს მმართველ გუნდზე მორგებულს უწოდებს და ხელისუფლებას მოსახლეობის შანტაჟში ადანაშაულებს. საუბარია ცვლილებათა იმ ნაწილზე, რომელიც საარჩევნო სისტემას ეხება.

„უმრავლესობამ მიმართა პოლიტიკურ ხრიკს, თავისივე მაჟორიტარ დეპუტატებს დააწყებინეს კამპანია, რათა დააშანტაჟონ მთელი ქართული საზოგადოება, რომ იმ შემთხვევაში თუ არ მოხდება დათანხმება შემოთავაზებულ ვერსიაზე, კიდევ უფრო უვარგისი, რეგრესული მაჟორიტარული სისტემის აღდგენაზე იქნება საუბარი,“ - აცხადებს ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს აკრიტიკებენ ევროპული საქართველოს წევრებიც. მათი შეფასებით, ამ პროექტით ასევე დადასტურდა, რომ ცვლილებების მიზანი პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა იყო. 

ოპოზიციის კრიტიკას არ იზიარებს საპარლამენტო უმრავლესობა. პარლამენტის ვიცე სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ცდილობს შექმნას ჯანსაღი საარჩევნო სისტემა და გამართული კონსტიტუცია.

“ყველა სისტემასთან დაკავშირებით გამოდის ერთი მთავარი პრინციპიდან, რომ უმრავლესობას, რომელიც 2020 წელს მოვა პარლამენტში, შეეძლოს შექმნას და ჩამოაყალიბოს მთავრობა, პოლიტიკური, თუნდაც არაჯანსაღი შიდა გარიგებების გარეშე,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

უკვე ცნობილია, რომ პირველ მაისს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე პრესკონფერენციას გამართავს.

დღის ამბები