19 მაისი 2024,   02:45
ვრცლად
ზღვარის გავლება კრიტიკასა და შეურაცხყოფას შორის - ნინო გვენეტაძე, კოლეგების ნაწილისგან განსხვავებით, სანქციების მომხრე არ არის

სად გადის ზღვარი მოსამართლეების მიმართ დასაშვებ და დაუშვებელ კრიტიკას შორის - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები მოსამართლის შეურაცხყოფისთვის სანქციების დაწესების ინიციატივასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს აკეთებენ.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე, აცხადებს, რომ ის სანქციების მომხრე არ არის, თუმცა მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლის და პროფესიული ჯგუფების ჩართულობით საჯარო განხილვები და დისკუსიები უნდა გაიმართოს.

„ჩემი კოლეგები არ ითხოვენ საჯარიმო სანქციებს, აქ დაზუსტება უნდა იმ საკითხებს, რომ, თუკი მოსამართლე გადაწყვეტს, სასარჩელო წარმოების გზით იდაოს შეურაცხყოფის ფაქტებზე, შეიძლება, ამ შემთხვევაში გამოყენებული იქნას ჯარიმა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩემი კოლეგები ითხოვენ ჯარიმებს. ასეთი რეგულაციები კანონმდებლობას აქვს და ეს არის სასარჩელო წარმოება სამოქალაქო წარმოების ხაზით, სადაც ნებისმიერ პირს, მათ შორის მოსამართლესაც, თუკი მისი პატივი და ღირსება იქნა შელახული, სასარჩელო წარმოების ფორმით იდავოს,“ - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

ნინო გვენეტაძე აცხადებს, რომ შეურაცხყოფის შემთხვევაში, ეროვნული კანონმდებლობა უკვე ითვალისწინებს შესაბამის რეგულაციებს და სანქციებს. თუმცა, მისი კოლეგების ნაწილი ამბობს, რომ არსებული კანონმდებლობა არაეფექტურად მუშაობს და ისინი ახალი რეგულაციების მნიშვნელობაზე საუბრობენ.

„ეს არის რთული და, როგორც წესი, არაეფექტური გზა. არაეფექტურში ვგულისხმობ იმას, რომ დროში გაწელილი პროცესია. ეს მოითხოვს სარჩელის შეტანას, განხილვის რამდენიმეთვიან ვადას, სხვადასხვა ინსტანციებს და ასე შემდეგ და მთავარი საკითხი ამ დროს, მტკიცების ტვირთი, თუ მოსამართლეს დააბრალეს, რომ, მაგალითად, ის არის ცხოველი, მან უნდა ამტკიცოს, თურმე, რომ არ არის ცხოველი. არა, აქ მტკიცების ტვირთი სხვაგვარად უნდა გადანაწილდეს,“ - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, შოთა გეწაძემ. 

დღის ამბები