02 მაისი 2024,   01:19
ვრცლად
რუსთავში საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა რეპლიკებისა და შეძახილის ფონზე მიმდინარეობს

რუსთავში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა რეპლიკებისა და შეძახილის ფონზე მიმდინარეობს. ლორთქიფანიძის სახელობის თეატრში შეკრებილ საზოგადოებას პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე მიმართა. ირაკლი კობახიძემ ყურადღება პრეზიდენტის არჩევის წესზე, დამოუკიდებელ სასამართლო სისტემასა და საარჩევნო სისტემაზე გაამახვილა. მისი განცხადებით, ხელისუფლებას ურჩევნია არსებობდეს პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა, რათა მომავალში სისტემური პრობლემები თავიდან იყოს აცილებული.

კობახიძის განცხადებით, არადეკმოკრატიული კონსტიტუციის დემოკრატიულით ჩანაცვლება აუცილებელია.

სახალხო განხილვაზე სიტყვით მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელიც გამოვიდა. მან კიდევ ერთხელ ისაუბრა პლებისციტის აუცილებლობაზე. მისი თქმით, ქვეყნისთვის პრეზიდენტის არჩევის წესს, საარჩევნო სისტემას, მანდატების გადანაწილების წესს, ბლოკების შემქნის საკითხსა და ბარიერის დაწევას დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს თემები სწორედ პლებისციტის მეშვეობით უნდა გადაწყდეს.

გიგი წერეთლის სიტყვით გამოსვლას დარბაზში რეპლიკები და შეძახილები მოჰყვა.

რუსთავის მოსახლეობას სიტყვით მიმართა პატრიოტთა ალიანსის წევრმა, ირმა ინაშვილმაც. მისი განცხადებით, სახელისუფლებო ბლოკს არ აქვს მყარი არგუმენტები, როდესაც საუბრობს მანდატების გადანაწილებაზე და პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევაზე. ირმა ინაშვილმა ასევე ვრცლად ისაუბრა, რატომ არ უნდა მოხდეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის ნაკვეთების გასხვისება.

განხილვის დროს დარბაზში მოქალაქეები აქტიურობდნენ და სიტყვით გამოსვლას ითხოვდნენ, რასაც რუსთავის მკვიდრსა და ქართული ოცნების დეპუტატს, გია ვოლსკის შორის მცირე ინციდენტი მოჰყვა.

ხმაური განხილვაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც საზოგადოებას რუსთავის ყოფილმა მერმა, მამუკა ჩიქოვანმა, მიმართა. მან ყურადღება ამ მთავრობის სისუსტეებზე გამახვილა. მისი თქმით, ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო და ძლიერი პარლამენტი არ არსებობს.

ამ წუთებში საზოგადოებას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მიმართავენ.

დღეს რეგიონში საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტის ბოლო საყოველთაო განხილვა ტარდება, ხვალ საზოგადოებას თბილისში შეხვდებიან.

დღის ამბები