20 ოქტომბერი 2017,   21:45
ვრცლად
თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები რუსული საფოსტო მისამართებით სარგებლობდნენ

ბრალდებები თავდაცვის სამინისტროს მისამართით - დოკუმენტი, რომელითაც დასტურდება, რომ თავდაცვის უწყების თანამშრომლები რუსული საფოსტო მისამართებით სარგებლობდნენ, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე იყო გამოქვეყნებული. ჩამონათვალში არიან სპეციალური ოპერაციული ძალების მხარდამჭერი ბატალიონის, ასევე ბრიგადის საარტილერიო ბატალიონისა და საინჟინრო ბრიგადის თანამშრომლები.

ოკუპანტი ქვეყნის საფოსტო სერვისით სარგებლობაში მათი ნაწილი პრობლემას ვერ ხედავს, ნაწილი კი აცხადებს, რომ რუსულ ელექტრონულ ფოსტას სამსახურებრივი მიმოწერისთვის არ იყენებს.

მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული მისი ჩვენებისას მინისტრი ინფორმაციის გაყალბებაში ბრალს რუსთავი2-ს სდებს.

ინფორმაცია, რომელშიც მინისტრს ეჭვი შეეპარა, მოგვიანებით მისივე უწყების წარმომადგენლებმა დაადასტურეს. თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროში განმარტეს, რომ თანამშრომელების საკონტაქტო ინფორმაცია ძველია, დღეს კი რუსული ელექტრონული ფოსტები უწყების ყველა თანამშრომლისთვის მიუწვდომელია.

დოკუმენტი თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდიდან დღის ბოლოს გაქრა.

ოპოზიციური პარტიები საუბრობენ, რომ მსგავსი ფაქტები ერთეული შემთხვევები არ არის, რასაც დეოკუპაციის პოლიტიკის შესუსტების შედეგად განიხილავენ.

 

დღის ამბები