06 დეკემბერი 2019,   01:52
ვრცლად
არის პირდაპირი შანტაჟი - დეკანოზ მამალაძის ძმა ე.წ. ციანიდის საქმის დეტალებზე

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა ე.წ. ციანიდის საქმეზე ახალ განცხადებებს აკეთებს და მის ძმაზე ზეწოლის მცდელობაზე საუბრობს. მალხაზ მამალაძე აცხადებს, რომ მის ბრალდებულ ძმას პროკურატურა დანაშაულის აღიარებას სთხოვდა.

მან ასევე დაამატა, რომ გამოძიება მისგან კონკრეტული პირების, ე.წ. თანამზრახველების დასახელებას ითხოვდა, რომელთა შორის მეუფე დიმიტრი და პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი იყო.

დეკანოზის ძმის ინფორმაციით, ე.წ. ციანიდის საქმე არის შეკერილი და პროკურატურის მიერ ინტიმური დეტალებზე საუბარი მხოლოდ ბრალდებულზე ზეწოლას ემსახურება.

„ეგონათ, რომ მაგითაც შეაშინებდნენ და გატეხდნენ და ა.შ. მაგრამ მამაოს არაფრის არ ეშინია. მამაო არის მომხრე, იყოს ღია სასამართლო. იყოს საზოგადოებისთვის ცნობილი ყველა ის მტკიცებულება, რაც კი არსებობს. მაგიტომ არის პირდაპირი შანტაჟი, რომ ვითომდა ის დაჯგუფება და მარტო არ მოქმედებდა,“ - განაცხადა მალხაზ მამალაძემ.

მალხაზ მამალაძემ დეკანოზისა და პატრიარქის ურთიერთობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ დეკანოზს წლების განმავლობაში მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა და სწორედ ამ ურთიერთობის გამო ბევრი ემტერებოდა.

ციანიდის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ დაიწყო, თუმცა ჩაიშალა და მომდევნო სხდომა 30 მაისს უნდა გაიმართოს. მოსამართლის მიერ პროკურატურის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემდეგ, რაც სხდომების სრულად დახურვას ნიშნავდა, დეკანოზმა სასამართლო დარბაზი დატოვა და ადვოკატებსაც დატოვებისკენ მოუწოდა.

ადვოკატების მიერ სხდომის დატოვების შემდეგ მოსამართლემ მათი გაძევების ოქმი შეადგინა, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ დეკანოზს სახაზინო ადვოკატი დაენიშნება. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას მომდევნო 48 საათის განმავლობაში ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. 

დღის ამბები