26 აპრილი 2024,   05:14
ვრცლად
ოპოზიციის ნაწილი ნარმანიას საკრებულოში იბარებს, ნაწილი კი პროკურატურას მის გამოკითხვას თხოვს

სახელმწიფო აუდიტის შუალედური დასკვნის საფუძველზე, თბილისის მერის საკრებულოში დაბარების საკითხზე, ოპოზიცია დღეს კონსულტაციას გამართავს. დავით ნარმანიას საკრებულოს სხდომაზე მისვლას ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - თბილისის წევრები ითხოვენ. ფრაქციის თავმჯდომარე ამბობს, რომ თბილისის მერმა ბიუჯეტიდან მოპარული თანხის გამო პასუხი უნდა აგოს.

მამუკა ახვლედიანის თქმით, ასევე მოხდება ქონების მართვის საქალაქო სამსახურის დაბარებაც.

„მან უნდა გასცეს და აგოს პირადად პასუხი ამჯერად უკვე მინიმუმ 2 მილიონ 600 ათას მოპარულ თანხაზე, რომელიც თბილისელებს მოპარა ნარმანიამ ბიუჯეტიდან,“ - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

თბილისის მერის საკრებულოში დაბარების აზრს ვერ ხედავენ და საქმით დაინტერესებისა და დავით ნარმანიას გამოკითხვისკენ მოუწოდებენ პროკურატურას ნაციონალური მოძრაობის წევრები.

„გვახსოვს ნაზღაიძის საქმე, ამჯერად ფარცხალაძის საქმე, მაგრამ არის იქ კიდევ სხვა საქმეები, რომელზეც ნარმანიას აუცილებლად მოუწევს პასუხისმგებლობა. მე არ მიმაჩნია დავით ნარმანიას საკრებულოში დაბარება სწორად და არც ვაპირებ მაგაზე ენერგიის დახარჯვას, მოვუწოდებ პროკურატურას, დავით ნარმანია აუცილებლად იქნეს დაბარებული ამ უწყებაში,“-აცხადებს ენმ-ის წევრი მარინა დათუკიშვილი.

ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს თბილისის საკრებულოს უმრავლესობა. თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია ამბობს, რომ მერიასა და ყოფილი მთავარი პროკურორის კომპანიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებში არანაირი ხარვეზი არ შეიმჩნევა.

დღის ამბები