18 მაისი 2024,   14:03
ვრცლად
პარლამენტი კონსტიტუციის ცვლილებების განხილვას იწყებს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად კონსტიტუციის გადასინჯული კანონპროექტი შევა  - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა.

ირაკლი კობახიძემ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე კონსტიტუციის ახალ პროექტზე ისაუბრა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვების დასრულების შემდეგ, მიმდინარე კვრის განმავლობაში დღეიდან პარასკევის ჩათვლით ჩატარდება საკომიტეტო განხილვები.

კონსტიტუციის პროექტს ხუთი კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. თუმცა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, ცვლილებების განხილვა სესიაზე 12 ივნისის სასესიო კვირის ნაცვლად, ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ, რიგგარეშე სხდომაზე გაიმართება.

„ჩვენ გვინდოდა, რომ მორიგ სესიებზე ჩაგვეტარებინა კანონპროექტის განხილვა. 12 ივნისის და 26 ივნისის კვირაში, თუმცა ვენეციის კომისიის სხდომა დაინიშნა 16 ივნისს და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, დაველოდოთ ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას. აქედან გამომდინარე, 12 ივნისის კვირაში აღარ გაიმართება პირველი მოსმენა და დაგვჭირდება რიგგარეშე სხდომის მოწვევა, როდესაც გაიმართება უკვე პირველი მოსმენით განხილვა საკონსტიტუციო კანონპროექტის. ამის  შემდეგ გადავალთ ისევ საკომიტეტო განხილვაზე და საკომიტეტო განხილვის დასრულებისთანავე გაგრძელდება პლენარული განხილვა და მივიღებთ მეორე მოსმენით უკვე ამ სესიის ბოლოს ამ კანონპროექტს. ანუ, როგორც ეს იყო დაგეგმილი წინასწარ, ორი მოსმენით კანონპროექტი იქნება განხილული და მოსმენილი, ივნისის ბოლომდე,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, დოკუმენტის არსებული ვარიანტი საყოველთაო სახალხო განხილვების შედეგებით და ვენეციის კომისიის შენიშვნების საფუძველზე გადაისინჯება.

"ჩვენ უნდა დაველოდოთ ორ რამეს, ეს არის საკომიტეტო განხილვები და ვენეციის კომისიის დასკვნა. შემდეგ რაც დასრულდება საკომიტეტო განხილვები, მას შემდეგ რაც მივიღებთ ვენეციის კომისიის დასკვნას, უკვე გაცხადდება პოზიცია ამ ცვლილებებთან დაკავშრებით. ბუნებრივია, დოკუმენტი გადაისინჯება, დოკუმენტში შევა მთელი რიგი ცვლილებები საყოველთაო სახალხო განხილვის შედეგების საფუძველზე, ასევე ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით. დაველოდოთ საკომიტეტო განხილვებს, დაველოდოთ ვენეციის კომისიის დასკვნას და ამის შემდეგ უკვე გადასინჯული კანონპროექტი შევა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად,“ - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე. 

დღის ამბები