18 მაისი 2024,   11:58
ვრცლად
ჩანაწერი კონსტიტუციაში მიწის გასხვისების შესახებ - ენმ და ევროპული საქართველო ინიციატივას აკრიტიკებს, "პატრიოტთა ალიანსი" კი მკაფიო ჩანაწერს ითხოვს

საპარლამენტო ოპოზიცია მმართველი გუნდის იმ ინიციატივას აკრიტიკებს, რომელიც კონსტიტუციაში მიწის გასხვისების შესახებ ჩანაწერი გაკეთებას ეხება. საუბარია რეგულაციაზე, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო სამეურნეო მიწის გაყიდვას კრძალავს.

ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ აღნიშნული რეგულაცია ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას კიდევ უფრო გაართულებს.

„ხელისუფლების მთავარი მიზანი უნდა იყოს ადამიანების დასაქმება, იმაზე ზრუნვა, რომ ადამიანებს გაუჩნდეთ მეტი შემოსავალი, განვითარდეს სოფლის მეურნეობა, შემოვიდეს მეტი ინვესტიციები. ნებისმიერი რეგულირება, რომელზეც დღეს ხელისუფლება საუბრობს, ამას ყველაფერს ხელს შეუშლის და კიდევ უფრო დააზიანებს ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან გაჭირვებაში,“ - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

რეგულაციის გამკაცრებას და ჩანაწერის ქვეყნის მთავარ კანონში გაკეთება მიუღებელია ევროპული საქართველოსთვისაც.

პარტია ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გაცნობას მოითხოვს, რომელსაც, როგორც გიორგი ტუღუში განმარტავს, მმართველი გუნდი არ ასაჯაროებს.

„ეს არის ერთ-ერთ პოპულისტური ნაბიჯი ხელისუფლებისგან. ქართულ მიწას რეალურად ვერავინ ზურგზე ვერ მოიკიდებს და ვერ წაიღებს. ერთადერთი დატვირთვა იმას, რომ უცხოელებს ჰქონდეთ გარკვეული უფლებები, არის ის, თუ მიიღებ ეკონომიკურ ეფექტს,“ -აცხადებს გიორგი ტუღუში.

 მიწის გასხვისების შესახებ წესის კონსტიტუციაში მკაფიოდ ასახვას ითხოვს პატრიოტთა ალიანსი.

„კონსტიტუციაში ფორმულირება, ჩემი აზრით, სჯობდა, რომ ყოფილიყო პირდაპირი და მკაფიო, რომ არ უნდა გაიყიდოს ქართული მიწა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, მაგრამ ვინაიდან არ მიდიან ამ მიმართულებით, მოვისმინოთ რა რეგულაციებს გვთავაზობენ, რომ გამკაცრდეს ქართული მიწის გასხვისების ეს პროცესი,“ - ამბობს ირმა ინაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები