18 მაისი 2024,   16:29
ვრცლად
"ბირჟა მაფიას" საქმე - სააპელაციო სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე დღეს იმსჯელებს

მუსიკალური ჯგუფის ბირჟა მაფიას დაკავებული წევრების გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ უნდა მიიღოს. სხდომა დღეს ჩაინიშნა. მიხეილ მგალობლიშვილის პროცესი დღეს 14:00 საათზე, ხოლო გიორგი ქებურიას 15:00 საათზე გაიმართება. 

ადვოკატები იმედოვნებენ, რომ სასამართლო დაცვის მხარის შუამდგომლობას გაითვალისწინებს და გიორგი ქებურიასთვის და მიხეილ მგალობლიშვილისთვის შეფარდებული საპატიმრო ღონისძიება, არასაპატიმროთი შეიცვლება.

დაკავებულთათვის პატიმრობის შეცვლის მოთხოვნას პროკურატურაც ეთანხმება.

„პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარია, რომ ისინიც ეთანხმებიან აღნიშნულ პირთა გათავისუფლებას. შესაბამისად, ალბათობა იმისა, რომ დღეს მოხდეს მიხეილ მგალობლიშვილის და გიორგი ქებურიას გათავისუფლება, ნამდვილად არსებობს,“ - განაცხადა ადვოკატმა მერაბ ჩიქოვანმა.

საქმის მაღალ საჯარო ინტერესზე საუბრობს და დაკავებულთა გათავისუფლებას ელოდება ადვოკატი კახა ცნობილაძეც. მისი თქმით, მოსამართლის მიზანი არ არის, რომ მუსიკოსები საპატიმრო დაწესებულებაში დარჩნენ. უფლებადამცველი პროკურატურის მიერ სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების ფაქტზე დაწყებულ გამოძიებაზეც საუბრობს.  

„გამოძიება, რომელიც დაიწყო თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა, გვაქვს იმის მოლოდინი, რომ შეაგროვებენ საკმარის მტკიცებულებებს, რათა დადგინდეს სიმართლე და როგორც ამ ადამიანების უდანაშაულობა დადგინდეს, ისე დადგინდეს ის პოლიციელები, რომლებიც ჩირქს სცხებენ,“ - აცხადებს ადვოკატი კახა ცნობილაძე.

დღის ამბები